2020 წლიდან მოპედების მართვაზე რეგულირება მკაცრდება. ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
პროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია - AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც - კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი/გაუქმებული აქვს).
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში აღნიშნულია, რომ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები გათავისუფლდებიან AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასურისგან. ამასთან, აღნიშნული კატეგორია საერთოდ არ ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ანუ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.
ცვლილების თანახმად, პირის სტუდენტის სტატუსის დადასტურება მოხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რომლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვის უფლებაც მიენიჭება სააგენტოს.