ოთარ დანელია: საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი ბიზნეს გარემოა

საქართველოში არის ძალიან ხელსაყრელი ბიზნეს გარემო იმისთვის, რომ განხორცილდეს ინვესტიციები.

ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია გაიმართოს ისეთი ფორუმები, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს შესახებ გახდება ცნობილი.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც სახელმწიფომ აიღო. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩავატაროთ ისეთი ფორუმები, როგორიც არის დღევანდელი შეხვედრა. იმისთვის რომ ყველასთვის ცხადი გახდეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო თუ რამდენად პრიორიტეტული და მიმზიდველია, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის მიმართულება, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგი. საქართველო ხდება საინტერესო ათვლის წერტილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს "ევროპის ეკონომიკური სენატის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე სენატორებმა, ევროპის მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრებმა, ევროპელმა ინვესტორებმა. ქართული მხრიდან კონგრესს ესწრებიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები.