მაიკლ ჯაგერი: გვინდა, რომ საქართველო ევროპის სავაჭრო სივრცესთან დავაახლოოთ

გვინდა, რომ საქართველო დავაახლოოთ ევროპის სავაჭრო სივრცეს და შევძლოთ სხვადასხვა პროდუქციის გაცვლა.

ამის შესახებ ევროპის ეკონომიკური სენატის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ მაიკლ ჯაგერმა ბათუმში "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესის" მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მაიკლ ჯაგერმა განმარტა, სამომავლოდ შემუშავებული იქნება რეკომენდაციები ქართული ბიზნეს სექტორის დასახმარებლად.

"პირველი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილს. პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას. გვინდა, რომ საქართველო დავაახლოვოთ ევროპის სავაჭრო სივრცეს და შევძლოთ გაცვლა სხვადასხვა პროდუქციის. მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, როგორ შევძლებთ ქართული ბიზნეს სექტორის დახმარებას და ასევე ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში", - აღნიშნა მაიკლ ჯაგერმა.

ევროპის ეკონომიკური სენატი წარმოადგენს ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებული არიან მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სენატის პრეზიდენტია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ინგო ფრედერიკი.