ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპული კომპანიები ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ტიპის ფორუმების მნიშვნელობას, რომელზეც ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა წარუდგინოს ამა თუ იმ უცხოურ კომპანიას საკუთარი განვითარების გეგმები.
მისი თქმით, ფორუმი, რომელსაც 200-ზე მეტი კომპანია ესწრება, არის საუკეთესო საშუალება, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ურთიერთობები ქართულ-იტალიურ კომპანიებს შორის.
„იტალიური კომპანიების მხრიდან გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში, რომელმაც ძალიან წარმატებით იმუშავა. ჩვენთვის, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის ევროპული კომპანიები, მათ შორის იტალიური, შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე და უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი იმ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ. ასეთი ფორუმების მიზანია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ინვესტორებს, ნახონ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა, რაც მათ მისცემს საშუალებას, უფრო კონკურენტული იყვნენ სხვა კომპანიებთან მიმართებით და უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.