”ბოლო 10 წელში აჭარაში 1, 4 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში საერთაშორისო ფორუმი - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" გახსნა.

როგორც მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროპის ეკონომიკური სენატი ცნობილია, როგორც ევროპული ბიზნეს ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია, თავისი წევრების მაღალი ბიზნეს და ინდუსტრიული გამოცდილებით.

"იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში განხორციელდა დაახლოებით 1, 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, მათ შორის 54 % უცხოურ ინვესტიციებზე მოდის. ინვესტირების ძირითადი სფეროებია ტურიზმი, უძრავი ქონება, ტრანსპორტი, მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

"რეგიონში მიმდინარეობს და იგეგმება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ წყალმომარაგების, კანალიზაციის, სატრანსპორტო, ენერგო, საზოგადოებრივი და საქალაქო ინფრასტრქუტურის ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ისეთმა მსოფლიო ბრენდებმა როგორიცაა: "შერატონი", "რადისონი", "ჰილტონი", "კემპინსკი" მოახდინეს აჭარის ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირება. ქალაქი თანდათანობით იბრუნებს იმ მნიშვნელობას, რომელიც მას გააჩნდა მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე, როდესაც ის წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს შავ ზღვაზე", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.