საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასური, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო.
საკითხზე მოსარჩელე მხარე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ აბონენტებისთვის „112“-ის მომსახურების საფასურის მისი ნების მიუხედავად დაკისრება საკუთრების უფლებას არღვევდა.
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ „112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას და პარლამენტს და მთავრობას გარკვეულ ვადას აძლევს, რომ „საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული დავის საგანი“.
„112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას. ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ „112“-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „112“-ის საფასური განეკუთვნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად „112“ დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული დავის საგანი“, - აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.