თბილისის განვითარების ფონდი მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების რეაბილიტაციას ახორციელებს, -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების და თაღის მალის ნაშენის ქვის და აგურის წყობის რესტავრაცია/კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღნიშნულ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
ამასთან, ამ ეტაპზე ბაღებში ვიდეომეთვალყურეობის ქსელის მონტაჟი, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაცია მიმდინარეობს.
ზაარბრიუკენის ხიდის ნაწილზე ტროტუარების, სავალი ნაწილის დამცავი ფენის დემონტაჟის შემდეგ, ახალი დამცავი ბეტონის ქვედა ფენის მოწყობა, ზაარბრიუკენის ხიდზე ჰიდროიზოლაციის სამუშაოების განხორციელება, ტროტუარებზე საკომუნიკაციო გვირაბ-არხების აღდგენა, ტროტუარებზე გრანიტის ქვაფენილების კეთილმოეწყობა, გარე განათების ქსელების, ელ.მომარაგების ბოძების და საკაბელო არხების სრულად შეცვლა იგეგმება.
პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდი და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციას, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების განახლებას და ადაპტაციას. 9 მარტისა და დედაენის ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას. რეაბილიტირებული არელის კეთილმოწყობას, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვის და ძველი ნივთებით ვაჭრობის მოწესრიგებას.
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს, რაც დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტის განხორციელების შედეგად მოგვარდება ის პრობლემები, რომელიც არსებობს ადგილზე და ქმნის დისკომფორტს, როგორც თვითდასაქმებულებისთვის, ასევე, ტურისტებისთვის და სხვა მომხარებლებისთვის. შესაბამისად, მოვაჭრეებს რეაბილიტაციის შემდეგ გაუუმჯობესდებათ სამუშაო პირობები, რაც მათ საქმიანობას მომავალში უფრო კომფორტულს გახდის.
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.