ოქროს ნაკეთობების დარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში" დეკლარირებული წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობის შემოტანის 6 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექვსივე შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი საბაჟო ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს.

კერძოდ, ნ.ა.-ს შემოჰქონდა საერთო წონით 74,9 გრამი ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3186,12 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3186,21 ლარი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთო წონით 78,41 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა ნ.მ.-ის ბარგში. აღნიშნული კანონდარღვევისათვის, მოქალაქეს სსკ 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3335,54 ლარი.

5428,08 ლარის ღირებულების, საერთო წონით 127,6 გრამი ოქროს ნაკეთობები შემოიტანა მ.ი.-მ, რომელსაც სანქციის სახით, 5428,08 ლარის გადახდა დაეკისრა. 4569,94 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა მ.ა.-ს, რომელმაც ამ ღირებულების, საერთო წონით 107,43 გრამი, ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანა სცადა.

რ.ნ.-ის ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა საერთო წონით 121.64 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, მათ შორის, 4 ცალი ყელსაბამი, 15 წყვილი საყურე, 5 ცალი ბეჭედი, 7 ცალი კულონი და ა.შ. საქონლის საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე, კანონდამრღვევს სანქციის სახით 5174,56 ლარის გადახდა შეეფარდა. მოქალაქე რ.ჰ.-ს კი, რომლის ბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 4 ცალი ყელსაბამი, 2 ცალი სამაჯური, 7ცალი ოთხეული, 4 წყვილი საყურე, 5 ცალი ბეჭედი და 3 ცალი კულონი (საერთო წონით 156,78 გრამი) აღმოაჩინეს, 6667,84 ლარის გადახდა მოუწევს.