ლილოს დასახლებასთან ფარმაცევტული საწარმო აშენდება

პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი ფარმაცევტული საწარმო იქმნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში უკვე მესამე ბენეფიციართან გააფორმა ხელშეკრულება, რის შედეგადაც თბილისში ახალი GMP-ის სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო შეიქმნება. შპს YNNOVAS ქარხნის აშენებას 10 თვეში გეგმავს და საწარმოს ამოქმედების შემდეგ 100 ადამიანის დასაქმებას აპირებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება საწყის ეტაპზე 4 მილიონი აშშ დოლარია.

კომპანიასთან ხელმოწერის ცერემონია დღეს ახალი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური და ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე დაესწრნენ.

ქარხნის აშენებისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემა "თიბისი" ბანკმა უზრუნველყო. სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

ფარმაცევტული საწარმო თბილისში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, მშენებლობისას დასაქმდება 40 ადამიანი, ხოლო ქარხნის ამოქმედების პირველ ეტაპზე პერსონალის რაოდენობა იქნება 50 ადამიანი, რაც შემდგომ 100-მდე გაიზრდება.

ქარხანა ევროპელი პარტნიორების მიერ, ევროპული GMP-ის სტანდარტის გათვალისწინებით დაპროექტდა და ფუნქციონირებას 10 თვეში დაიწყებს, ხოლო GMP სერტიფიკატის მიღება 15 თვეში იგეგმება.

კომპანია რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელია, სადაც ფარმაცევტული წარმოების ყველა ციკლი (ნედლეულის წარმოებიდან მზა პროდუქციის წარმოებამდე) იფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე ქარხანას საშუალება ექნება აწარმოოს 5 ტონამდე აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები ფხვნილის სახით, 600 მილიონამდე აბი, 300 მილიონამდე კაფსულა, 15 მილიონ ამპულამდე საინექციო წამლის ფორმები, 40 მილიონამდე სანთლები და მალამოები, 10 მილიონამდე ფლაკონის ოდენობით გალენური ხსნარები.

დაგეგმილია წარმოებული პროდუქციის 60-70%-ის ექსპორტირება. კომპანიას YNNOVAS უკვე დამუშავებული აქვს 200-ზე მეტი სხვადასხვა წამლის ტექნოლოგია და ფლობს აღნიშნულ პრეპარატებზე შესაბამის დოსიეებს. აღნიშნული დამკვეთს დაეხმარება მოწესრიგებულად წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. კომპანიას უკვე აქვს რამდენიმე შეკვეთა, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.