გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 447 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 88, იმერეთში - 119, გურიაში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 100, მცხეთა-მთიანეთში - 32, შიდა ქართლში - 57, ქვემო ქართლის მასშტაბით - 102, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 130, ხოლო თბილისში - 12 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.