ბათუმში ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობენ

ბათუმში, "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესზე" ქართული ბიზნესის ხელშეწყობის გზებზე მსჯელობენ.

ფორუმზე ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივების, ევროპული ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოში ევროპული ბიზნეს სტანდარტების დანერგვისა და ქართული ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის გზებზე მსჯელობენ. ქართულმა მხარემ ევროპის ეკონომიკური სენატის წარმომადგენლებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, სენატის წევრები კი საქართველოსთვის ინვესტიციების მხრივ რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავენ.

ევროპის ეკონომიკური სენატი ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლიტიკოსები არიან გაწევრიანებულები.

კონგრესის ორგანიზატორი "საქართველოს ბიზნეს კლუბია". კლუბი 2014 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე მსხვილ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს. ბიზნეს კლუბს ევროპის ეკონომიკურ სენატში, სენატორის სახით, 10 წარმომადგენელი ეყოლება, სენატორები წევრი ბიზნესმენებიდან დარგების მიხედვით შეირჩევიან, მათ შორის ისეთი დარგებიდან, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ენერგეტიკა და მედია.