სათევზაო ტურიზმი - სოლიდური შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო კარგავს

სხვისა არ ვიცი, მაგრამ ამ ამბავმა მე ის ოქროს თევზი გამახსენა, მეთევზეს რომ შეეხვეწა, გამიშვი და ბედსა გწევო! მართლაც "სწია" - ზღაპრული ქონება აჩუქა.

ერთი სიტყვით, მეც აღმოვაჩინე, რომ ჩვენს მთის მდინარეებში, მართალია, დღეს ცოტა, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ყოფილან "ოქროს თევზები", რომელთაც დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ. ვგულისხმობ იმ სამეთევზეო ტურიზმს, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს და რომელიც, ალბათ, ყველაზე "ჰუმანური" ტურიზმია ბუნებაში - თევზს ხომ მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ აზარტი და სიამოვნება მიიღონ, მერე კი წყალშივე დააბრუნონ უვნებლად.

საქართველოში ამ საქმის წამომწყები შოთა ჯოხაძე გახლავთ - კაცი, რომელმაც განადგურებული მთის კალმახის მოშენება დაიწყო. დღეს ის უკვე სახელმწიფოს მეთევზეობის ტურიზმის პოპულარიზაციას სთხოვს!

- უცხოურ პრესაში ქართული სამეთევზეო ტურიზმის ქება-დიდებას ბევრჯერ წავაწყდი. ამ დროს ბევრმა არც იცის, რომ ტურისტები აქ სათევზაოდ სპეციალურად ჩამოდიან.

- ჩვენში სათევზაო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება და ამიტომაც არ მიკვირს, რომ საზოგადოების ნაწილმა ამაზე არაფერი იცის. კიდევ კარგი, ჩვენს ამ სიმდიდრეზე ის უცხოელები მაინც წერენ, რომლებიც აქ ჩამოდიან და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს იღებენ! ისე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დიდი განძი გვაქვს - ამ ერთ პატარა ქვეყანაში, 26 000 მდინარე და 860 ტბა გვაქვს. რომელ კუთხეშიც უნდა ითევზაო, გულგრილი ვერ წამოხვალ. ვერც უცხოელები მიდიან უკმაყოფილონი! ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, როცა სამეთევზეო ტურიზმში ჩავერთე. ამ ხალხს სხვანაირად ესმის ბუნება. უნდა ნახოთ, უცხოელი ტურისტები დაჭერილ თევზს წყალში როგორ ფრთხილად უშვებენ, რამე რომ არ დაუშავდეს. საათობით შეუძლიათ ამ შეგრძნებაზე ლაპარაკი. სამშობლოში ამაზე წერენ კიდეც, თანაც თითქოს საგანგებოდო, ამ ტურისტების დიდი ნაწილი მწერალი ან ბლოგერია.

მას შემდეგ, რაც ეს საქმე წამოვიწყე, არაერთი მოხელე შევაწუხე, რომ სამეთევზეო ტურიზმისთვის პირობები შეიქმნას. ეს საქმე, რეკლამასთან ერთად, ყოველმხრივ მოსავლელია: ტბები და მდინარეები გასათევზიანებელია, მეთევზეობის რეგულაციები მისაღები, საოჯახო სასტუმროები მოსაწყობი, საქმე კი არ იძვრის. არადა, სახელმწიფო აქეთ უნდა გვეხვეწებოდეს, რაიმე მოვიმოქმედოთო, იმდენად შემოსავლიანია, - მეთევზე ტურისტს დღეში ჩვენს ქვეყანაში 80-დან 300 დოლარამდე შემოაქვს, თუმცა, რა სამეთევზეო ტურიზმზეა ლაპარაკი, როცა ხალხმა თევზაობის წესები არ იცის - ზოგი ისევ დინამიტით ხოცავს თევზს, ზოგი კი ანკესით უკონტროლოდ იჭერს, კვების ობიექტები ასე დაჭერილი თევზით არის სავსე. მოსახლეობის უმეტესობას ის ვერ გავაგებინეთ, რომ სათევზაო ტურიზმი ბევრად მეტ შემოსავალს მისცემს, ვიდრე მისი დაჭერა და გაყიდვა.

ერთხელაც ერთმა ნორვეგიელმა მომწერა, საქართველოში ჩამოსვლა მინდა და თევზაობაში გიდობას გამიწევო? გამიკვირდა, ნორვეგია თევზს მიაქვს, ჩვენთან რა უნდა-მეთქი, მაგრამ, რასაკვირველია, დავთანხმდი. არასოდეს დამავიწყდება, ხობისწყლის ხეობაში ერთ დიდ ქვაზე ჩამოჯდა და მთელი 45 წუთი აქეთ-იქით გაოცებული იყურებოდა, ჩვენ კი მას შევყურებდით, კაცი სათევზაოდ ჩამოვიდა­ და მდინარეში უნდა შევსულიყავით, ის კი იჯდა და აღარ დგებოდა.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 8 ივლისის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად