დავით ნარმანია წყალმომარაგების კომპანიისგან ინვესტიციის გაზრდას ითხოვს

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით ინვესტიციის გაზრდას აუცილებლობად მიიჩნევს.

ნარმანიამ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლისათვის წყალმომარაგების კომპანიამ მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თავის მხრივ, თბილისის მერი პირობას დებს, რომ ამ მხრივ დაფინანსება გაიზრდება თბილისის ბიუჯეტშიც.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში წყალმომარაგებაში პრობლემების რიცხვი საკმაოდ დიდია, რასაც თითოეული ადამიანი კარგად ხედავს.

"კონკრეტულ პრობლემებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას მოამზადებს. ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობს, ჩვენი მხრიდან გაკონტროლდება. სადაც არის ჩამორჩენა საკონტრაქტო ვალდებულბების შესრულებასთან დაკავშირებით, სამუშაოები დაჩქარდება. წყალმომარაგების სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით გზის საფარის სწრაფ აღდგენაზე უნდა ვიმუშაოთ და ამიტომ წყალმომარაგების სამუშაოების დროულად დასრულება გვეჩქარება. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის წყალმომარაგების კომპანია მეტ ინვესტიციას განახორციელებს და ბიუჯეტშიც მეტი დაფინანსება იქნება გათვალისწინებული - განსაკუთრებით თბილისს შემოერთებული დასახლებებისათვის, სადაც წყალმომარაგების ქსელი უნდა გაკეთდეს. ინვესტიციის მოცულობა, რაც წყალმომარაგების კომპანიამ წელს განახორციელა, 45-მილიონი ლარია. ჩვენი მოთხოვნაა, მომდევნო წელს, მინიმუმ ეკონომიკური ზრდის პროცენტით გაიზარდოს წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა. ვვარაუდობთ, რომ წყალმომარაგების კომპანიამ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს. ჩვენც საკმაო მოცულობით გავითვალისწინებთ რესურსებს ბიუჯეტის დაგეგმვისას, რათა ორივე მხარემ მეტი თანხის გათვალისწინებით, მეტი პრობლემის მოგვარება მოვახერხოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

მომავალი წლისთვის ინვესტიციის მოცულობის გაზრდის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ამბობს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე. როგორც ამ თემასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ამოცანაა, "მომავალი წლისათვის იგივე ტემპის შენარჩუნება".