რამდენ ბოთლ ღვინოს ვყიდით რუსეთში და როგორია ფულადი გზავნილები ციფრებში

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთზე ბაზარზე მოდის, ფულადი გზავნილების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25-29%-ის ფარგლებშია. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო და ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში 163,7 მლნ დოლარის გადმოირიცხა, რაც მთლიან გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს, სულ წელს ქვეყანაში 662,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1,576 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა, სადაც რუსეთიდან გზავნილების წილმა დაახლოებით 29% შეადგინა - 457 მლნ დოლარი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ფულადი გზავნილების მიხედვით უკვე წლებია პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გავიდა 25 582 447 ბოთლი ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ზე მეტია. წელს ქვეყნიდან 40,5 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა. 2018 წელს კი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, სადაც რუსეთის წილი იყო დაახლოებით 62% - 53,6 მლნ ბოთლი.

ცნობისათვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მთავრობას სთავაზობს, აიკრძალოს საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტი - ამის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნული საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში სწორედ დღეს იგეგმება.

ამას გარდა, დუმა ასევე აპირებს შესთავაზოს ხელისუფლებას აიკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები.

„არამეგობრული ქმედებები საქართველოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით გრძელდება. არის შემთხვევები, ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. ასეთი ქმედებები ადექვატურ რეაქციას მოითხოვს“, - აღნიშნა ნევეროვმა.

ელზა წიკლაური