რუსი ტურისტები უნდა შემოვიდნენ, მაგრამ არასწორია მარტო მათზე ვიყოთ დამოკიდებული და ფსონი დადოს მთავრობამ, რომ ეს გადაგვარჩენს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. დეპუტატის თქმით, ქუთაისის აეროპორტი უნდა გავიდეს დაგეგმილ სიმძლავრეზე და შეძლოს 2 მილიონი მგზავრის ჩამოყვანა.
„ევროპული საქართველო" ყოველთვის ამბობდა, რომ რუსი ტურისტები უნდა შემოვიდნენ, მაგრამ მარტო მათზე ვიყოთ დამოკიდებული და ფსონი დადოს მთავრობამ, რომ ეს გადაგვარჩენს - ეს არასწორია. სწორედ ამიტომ, ჩვენ წლების განმავლობაში ვთავაზობდით, რომ ქუთაისის აეროპორტი გავიდეს დაგეგმილ სიმძლავრეზე, 2 მილიონ მგზავრზე და ხელი მოეწეროს „რაინეართან" კონტრაქტს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ ეწერება კონტრაქტს ხელი, კანდელაკმა უპასუხა, რომ "მთავრობა გვყავს ასეთი".