საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისების აკრძალვის შედეგად, დიდი ალბათობით, ბელორუსული და თურქული კომპანიები ისარგებლებენ, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო წერს. მათივე ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს აკრძალვის გამო ხარჯები მოემატებათ. ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით დღეიდან აიკრძალა. რამდენ ხანს გაგრძელდება აკრძალვა უცნობია, თუმცა პრეზიდენტის პრეს-მდივანს, დიმიტრი პესკოვს თუ დავუჯერებთ, საქართველოს არარუსოფობიულ კალაპოტში დაბრუნება კრემლისთვის იმის საფუძველი გახდება, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.
თუმცა იქამდე საინტერესოა, რომელი ქვეყნები და კომპანიები გაინაწილებენ ავიაბაზარს?
8 ივლისის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ჩაფრენა და უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაჯდომით და მხოლოდ უცხოური კომპანიების ავიარეისების მეშვეობით.
ტრანზიტულ პუნქტებს შორის არის - ერევანი, ბაქო, რიგა, ვარშავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი და სხვები.
ქართულ მიმართულებაზე წილის მიღების კარგი შანსი აქვს ბელარუსულ კომპანია „ბელავიას“ - ამბობს სააგენტო „ავიაპორტის“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოლეგ პანტელეევი. მისი თქმით, „ბელავიამ“ უკვე შექმნა საჰაერო ხიდი რუსეთსა და უკრაინას შორის.
კიდევ ერთი პრეტენდენტი Turkish Airlines-ია, რომელსაც უკვე აქვს რუსეთიდან გაფრენისა და ქვეყანაში ჩაფრენის პუნქტების საკმაოდ ფართო ქსელი. თბილისსა და ბათუმში აეროპორტებს თურქული ჰოლდინგი TAV Airports მართავს, თუმცა დაეხმარება თუ არა ეს ფაქტი თურქულ ავიამზიდს იმაში, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების ბაზარზე თავისი წილი გაზარდოს, ჯერჯერობით უცნობია.
Turkish Airlines ტურისტების მიზიდვა კარგი სერვისით შეუძლია, თუმცა ამ ტრანზიტით სარგებლობისას საკმაოდ დიდი წრის გაკეთება იქნება საჭირო, რადგან თვითმფრინავი მოსკოვიდან სტამბოლში საქართველოს გვერდის ავლით უნდა ჩაფრინდეს და შემდეგ უკან დაბრუნდეს, რათა თბილისის აეროპორტში დაეშვას. თუმცა ტრანზიტული რეისის შერჩევის პრიორიტეტი, დიდი ალბათობით, ფასს მიენიჭება.
„ინტერფაქსი“ ავიაციის საკითხებში სომხეთის მინისტრის აკოპ ჩაღარიანის კომენტარს ავრცელებს, რომელიც განმარტებითაც, სომხური ავიაკომპანიები უკვე მზად არიან, დამატებით 2 თვითმფრინავი გამოიყენონ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განხორციელების მიზნით.
რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გამო, რუსულ კომპანიებში შეძენილი ბილეთებით სარგებლობას 155 ათასი მგზავრი ვერ შეძლებს, დამატებით 25 ათასი ადამიანი იძულებული იყო რუსეთში აკრძალვის ამოქმედებამდე ანუ 8 ივლისამდე დაბრუნებულიყო.
მგზავრებისთვის შეძენილი ბილეთების ღირებულების უკან დასაბრუნებლად რუსულ კომპანიებს 2,3 – 3 მილიარდი რუბლის გაღება მოუწევთ.
გარდა იმისა, რომ ავიკომპანიები უკვე გაყიდული ბილეთების თანხის უკან დაბრუნებით დაზარალდებიან, ისინი მოსალოდნელ მოგებასაც გამოემშვიდობებიან, რომელიც ამ მიმართულებით შეძენილი ბილეთებისგან უნდა მიეღოთ, თუმცა ვერ მიიღებენ, რადგან მოსახლეობა აკრძალვის გამო ბილეთებს უბრალოდ აღარ ყიდულობს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველო არა საკვანძო, თუმცა რენტაბელური მიმართულებაა. ანალიტიკოსების თქმით, რუსული კომპანია "Аэрофлот“-ისთვის აკრძალვა დიდი დარტყმა არ გახდება. ამის თქმის საშუალებას მათ ისიც აძლევთ, რომ პირდაპირი რეისების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე ავიაკომპანიის აქციების ღირებულების კლება არ დაფიქსირებულება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უფრო მეტად მისი შვილობილი კომპანია "Победа" დაზარალდება, რადგან მას გაცილებით პატარა სამარშრუტო ქსელი აქვს, მის გადაწყობას კი დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.
Aviasales-ის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი რეისების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასი არ შეცვლილა. ამჟამად ფრენის საშუალო ღირებულება 13 ათას რუბლი ანუ 570 ლარია, თუმცა მგზავრობის ხანგრძლივობა ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა. სააგენტო „ავიაპორტის“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოლეგ პანტელეევი მიიჩნევს, რომ 8 ივლისის შემდეგ, ბილეთის ღირებულება შესაძლოა, უცვლელი დარჩეს, თუმცა მისი თქმით, ყველაფერი მაინც იმ ავიაკომპანიის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც რუსულ და ქართულ კომპანიებს ჩაანაცვლებს. მისი თქმით, რაც უფრო მწვავე იქნება კონკურენცია ალტერნატიულ კომპანიებს შორის, მით უფრო მიმზიდველი იქნება ტარიფი. იმის პრაქტიკა, რომ ტრანზიტული რეისები მოგზაურებს უფრო იაფი უჯდებათ, კარგად ცნობილია.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა