„უკვე აღარც გვეკონტაქტებიან, უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს. მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და  გვაცადოთ საქმის კეთება“

„მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება,“- ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა, როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ 24 საათიანი მუშაობა, რომ ერთად არ მივსულიყავით იმ შედეგამდე რაც ციფრებით მინუს 2 მილიარდ ლარს უდრის. ცოტა რაღაცეები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში რომ მაინც საქართველოში დაესვენათ, ყველამ ერთად დავიჯერეთ რომ შეგვიძლია არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან უკვე აღარც გვეკონტაქტებიან. უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს.

არ ვართ ჩვენ არავისტები, ჩვენ საქართველოისტები ვართ, ამ ქვეყნისთვის ვმუშაობთ, უამრავ გადასახადებს ვიხდით ბიუჯეტში და ვცდილობთ აქ ჩამოსული სტუმარი ბედნიერი გავუშვათ, ვცდილობთ ყველაფერ ქართულს მაქსიმალური პოპულიზაცია გავუკეთოთ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართულ წარმოებებს და რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ და ა.შ. მოკლედ მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება და გპირდებით ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას და თქვენ პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას,“- წერს ალავერდაშვილი.