ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია საქმიანობას "ლიბერთი ბანკში" გააგრძელებს.
ამის შესახებ რეესტრში ცვლილება გასული თვის ბოლოს აისახა. კერძოდ, რეესტრის 28 ივნისის ამონაწერით, კიკორია „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
„ლიბერთის“აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, კიკორია „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ოთხი წლის ვადით აირჩიეს. რაც შეეხება მის ანაზღაურებას, კიკორიას ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 12,500 ამერიკული დოლარი იქნება, რომლის გადახდაც „ბანკის“ სახელფასე პოლიტიკის შესაბამისად მოხდება.
შეგახსენებთ, რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი 2018 წლის ნოემბრიდან დატოვა. ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2016 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე კი „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
რაც შეეხება „ლიბერთის“, ბანკის საბჭოს წევრი/თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი კიკორიას გარდა - დავითი შონია და მამუკა წერეთელი არიან.