რადგანაც არსებობს ე.წ. მესამე ძალის მოლოდინი, ამ თვალსაზრისით მამუკა ხაზარაძის მოძრაობა შეიძლება ყველაზე პერსპექტიული აღმოჩნდეს, თუმცა სანახავია, რა საზოგადოება შეიკრიბება მის გარშემო, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხარაზაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძისგან ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და თავად გარემოებამ შექმნა დასავლური ტიპის, ევროპული მიმართულების ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ანაკლიის პორტის მშენებლობას და ხელისუფლებას დაუპირისპირდა. მისი განმარტებით, ხაზარაძეს წინასწარ აქვს ფონი, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა.
„გულწრფელად ველოდი, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შეაბიჯებდა. ყველა, ვინც კი ასეთ საქმიანობას იწყებს, განსაკუთრებით კი ბიზნესმენი, მერე პოლიტიკაში მიდის. ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან პოლიტიკაში უნდა წახვიდე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, მამუკა ხარაზაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნების თაობაზე და არა ახლა, „ცხელ გულზე“.
„მიმდინარე ამბების ფონზე, გაზაფხულზე რაიმე ორგანიზაციის შექმნა წამგებიანი იქნება, რადგან შემდეგ მოდის „მკვდარი 2 თვე“. რამდენიმე პოლიტიკოსს ვურჩიე, რომ პარტიების დაფუძნება თუ გჭირდებათ, უმჯობესია სექტემბერში დააფუძნოთ-მეთქი. მამუკა ხაზარაძისთვის არ მირჩევია ეს, ანუ საუბარი მაქვს იმათზე, ვინც უკვე შექმნა პარტია და დაიწყო საქმიანობა, ვუთხარი რომ, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს-მეთქი, რადგან გარემო მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდეს და პერსპექტივა გამოიკვეთოს. მამუკა ხაზარაძეს, ალბათ, მრჩევლები ჰყავს, ეს გაითვალისწინა და სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ ახლა კი არა, სექტემბერში ქმნის ორგანიზაციას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, - ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.