თბილისის მერიამ ივლისში თანამშრომლებზე 358 620 ლარის პრემია გასცა

ივლისის თვეში თბილისის მერიამ თანამშრომლებზე პრემიის სახით 358 620 ლარი გასცა. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული.

მერიის მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციას ხელს იურიდიული საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ილია გელაშვილი აწერს. მერიის მიერ გაცემულ წერილში დაკონკრეტებული არ არის, თუ რამ განაპირობა პრემიების გაცემა. უცნობია თითოეულ პირზე გაცემული პრემიების ოდენობა.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა პეტრიაშვილი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებში და გამგეობებში თანამდებობის პირებზე დიდი ოდენობით პრემიების გაცემას უარყოფდა. პეტრიაშვილის თქმით, მსგავსი რამ მერიაში არ მომხდარა და ეს თვე სხვებისგან განსხვავებული ამ თვალსაზრისით არ ყოფილა.

მისივე განცხადებით, მას შეუძლია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ მერიის სისტემაში იშვიათად გაცემულა ერთი ხელფასის ოდენობის ტოლფასი პრემია და მსგავსი რამ წელს არ მომხდარა.

პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მერიაში პრემიები, მათ შორის მაღალი თანამდებობების პირებზეც და თანამშრომლებზეც, ყოველთვის დამსახურების მიხედვით გაიცემოდა.

"დიდი ოდენომით პრემია თანამდებობის პირებზე არ გაცემულა. ივლისის თვეში პრემია ისევე გაიცა, როგორც გაიცემოდა სხვა თვეებში. საქალაქო სამსახურებს აქვთ შრომის ანაზღაურების ფონდის 15%-იანი ლიმიტები და თავის თანამშრომლებზე თავად წყვეტენ სამსახურის უფროსები და გამგებლები, ვის ეკუთვნის პრემია და ვის - არა. ამის მიხედვით ამ 15%-ს ანაწილებენ თავის თანამშრომლებზე", -დასძინა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

გავრცელებული ინფორმაციით კი, თბილისის მერიის სტრუქტურებისა და გამგეობების ხელმძღვანელმა პირებმა ივლისში 100-დან 300%-მდე პრემია აიღეს.