გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობითა და ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის სემინარი გამართა.
სემინარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: ტურიზმისა და სასტუმროების, მათ შორის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვა, ფასების დინამიკა, კონკურენცია, ტურისტული ელექტრონული პლატფორმები, ასევე, სასტუმროების პოზიციონირება, კრიზისების მართვა, საბანკო პროდუქტებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა.
„გალტ & თაგარტი წლების განმავლობაში აქტიურად ფარავს საქართველოს ტურიზმის სექტორს და მუდმივად აწვდის ბაზარს უახლეს ინფორმაციას ტურიზმში მიმდინარე ტენდენციებსა და მოლოდინებზე. გალტ & თაგარტის კვლევებსა და პროგნოზებს ფართო გამოყენება აქვს როგორც საქართველოში, ისე უცხოელ ინვესტორებში. ამჯერად, თბილისის მერიის მხარდაჭერით გალტ & თაგარტმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო კომპანიებს წარუდგინა პრეზენტაცია სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინებზე რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე. პრეზენტაცია, ასევე, მოიცავდა შესადარისი ქვეყნების მაგალითებს და შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
„ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ტურისტების ზრდასთან ერთად, გაუმჯობესდეს მათი მომსახურების ხარისხი. სწორად ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათთან ერთად განვიხილავთ, რა გამოწვევებია დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ე.წ. კრიზისულ პერიოდებში დავძლიოთ ეს გამოწვევები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.
მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის გამართულ სემინარზე საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, როგორ უნდა გამოიყენონ ბიზნესებმა თანამედროვე ციფრული მარკეტინგული არხები ტურისტების მოსაზიდად და რა ფინანსური შესაძლებლობები და პროდუქტებია ხელმისაწვდომი სექტორის მოთამაშეებისთვის.