რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კატეგორიულად გმობს „უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს“ საქართველოში და აღნიშნავს, რომ „ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია თავდასხმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომ დეგრადაციას იწვევს“. ამის შესახებ განცხადება დუმამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დუმა მთავრობას სთავაზობს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას 2006 წლის 30 დეკემბრის კანონის „სპეციალური ეკონომიკური ზომებისა და იძულებითი ზომების შესახებ“ საფუძველზე. ამ კანონის თანახმად, სპეციალური ეკონომიკური ზომები ატარებს დროებით ხასიათს და გამოიყენება სხვა ღონისძიებებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის ინტერესების ასევე მისი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამ კანონში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური ოპერაციების აკრძალვა ან შეზღუდვა, ტურისტულ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება, ასევე იმპორტისთვის და ექსპორტისთვის საბაჟო ტარიფების ცვლილება.
ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.