ეკონომიკის სამინისტრო ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ინოვაციების ბანაკის და Make-a-thon-ის ორგანიზებას გეგმავს

დღეიდან 26 აგვისტომდე 50 ახალგაზრდა ინოვატორი ისწავლის, როგორ დააფუძნოს ინოვაციური ბიზნესი, შექმნას ტექნოლოგიური პროდუქტის საცდელი პროტოტიპები და განავითაროს საკუთარი ტექნოლოგიური Start-up კომპანია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" ახალგაზრდა ინოვატორებისთვის საქართველოში პირველად, ინოვაციების ბანაკის და Make-a-thon-ის (ტექნოლოგიური პროდუქტების პროტოტიპების შექმნის მარათონი) ორგანიზებას გეგმავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართება Make-a-thon-ის ფორმატში.

"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. 6 დღიანი ღონისძიება ტექნოლოგიური პროდუქტის პროექტირებასა და დიზაინის შექმნას მოიცავს. ბანაკი ინტენსიური და საინტერესო შემოქმედებითი გამოცდილება იქნება ინტერდისციპლინარული გუნდებისთვის, რომლებიც დაკომპლექტებულნი იქნებიან ახალგაზრდა ინჟინრების, დიზაინერების, პროგრამისტების, ბიზნესმენებისა და პროექტის მენტორებისგან. ექსპერტები, მეცნიერები, საინჟინრო დისციპლინების სპეციალისტები და მენტორები მთელი პროცესის განმავლობაში მზად იქნებიან დაეხმარონ ინოვატორებს, როგორც იდეების გენერირების, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ. დუბაიდან და გერმანიიდან მოწვეული სტუმრები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ბანაკში მონაწილეობა და ყველა ტრენინგი ინოვატორებისთვის სრულიად უფასოა", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, გამოგონებების ტექნიკური მხარე უზრუნველყოფილი იქნება ორი პროფესიონალი ინჟინერის მიერ.

Make-a-thon-ის ლაბორატორია თანამედროვე მოწყობილობებით იქნება აღჭურვილი. ინოვატორებს საშუალება მიეცემათ, იმუშაონ Arduino Uno-ს პლატფორმაზე და გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრული კომპონენტები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. სააგენტოს კოორდინირების და მედიატორის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანა და ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება.