გიორგი კეპულაძე ლარის კურსზე - რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება დამღუპველია

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება დამღუპველია. ამის მაგალითი გვაქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ლარის გაუფასურება რუსული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია. გიორგი კეპულაძის განმარტებით, ახლა რაც ხდება, „ბაზრის პანიკური ქცევაა“, შესაბამისად, ლარის ასეთი გაუფასურების საფუძველი შესაძლოა არ არსებობდეს, თუმცა „პანიკის ეფექტი“ მასზე გავლენას ახდენს.

„მდგომარეობა სახარბიელო არ არის. რუსული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ბაზარი ახდენს რეაგირებას და მას უჩნდება მოლოდინი, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს დოლარი. ამიტომ, ის ცდილობს, დღეს იყიდოს ის, რაც შეიძლება ხვალ ძვირი ღირდეს. ეს თავისთავად ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე. დღევანდელი მკვეთრი გაუარესება დიდი ალბათობით დაკავშირებულია სწორედ უარყოფით მოლოდინებთან და არ არის გამოწვეული მაკროეკონომიკური ფაქტორებით,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული შედეგი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაიზარდა.

„შედეგი დადგა იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა რუსეთში. შესაბამისად, გაიზარდა ოკუპანტ ქვეყანაზე ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება, რაც შეცდომა იყო. მთლიანობაში დღეს, დაახლოებით 13%-ია მთლიანი ჩვენი ექსპორტის რუსეთში“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ამასთან, როგორც ის იმედოვნებს, მას შემდეგ, რაც უარყოფითი მოლოდინი გადაივლის, შესაძლებელია კურსი დასტაბილურდეს.

გიორგი კეპულაძე კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის დასტაბილურებისთვის მნიშვნელოვანია, მთავრობამ იზრუნოს სავალუტო შემოდინებების დაბალანსებაზე, ასევე იმაზე, რომ „არ ვიყოთ დამოკიდებული მტრულ და პოლიტიკურ ბაზრებზე“. გიორგი კეპულაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდეს საერთაშორისო დახმარების მოძიება გრანტის ან სესხის სახით.