რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ გამოხატა ინიციატივა, ქვეყანაში ხინკალს პელმენი დაარქვან. შესაბამის ინფორმაციას რუსული გამოცემა Argumenti.ru აქვეყნებს.
როგორც გამოცემა იუწყება, შესაბამისი მოთხოვნით კომუნისტურმა პარტიამ „როსპოტრებნადზორს“ უკვე მიმართა.
„მიზეზი საქართველოში არსებული რუსოფობიის ისტერია გახდა“, - წერს გამოცემა.
როგორც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იაოსლავ სიდიროვმა განაცხადა, „2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და ასევე, აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, მკაცრი საპასუხო ზომები უნდა გატარებულიყო, თუმცა შემდეგ დანებდნენ“.
„ახლა თბილისში ახალგაზრდების ფაშისტური ჯგუფების გამოსვლებისა და სატელევიზიო პროვოკაციების შემდეგ, დროა ამ ქვეყნის შესახებ ყველაფერი დავივიწყოთ, რაც დიდი ხნის განმავლობაში გვაკავშირებდა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ლიბერალური განწყობები ჩნდება, თითქოს ამ ქვეყანაში ანტირუსული კამპანია არ არსებობდეს. მოგვიწოდებენ, რომ დავისვენოთ საქართველოში, ყველგან მათი ეროვნული კერძების კვების ობიექტებია. ეს პოლიტიკურად დამამცირებელია რუსეთვის. ისინი გვაფურთხებენ, ჩვენ კი ვიწმენდთ“, - განაცხადა იაროსლავ სიდიროვმა.
მისივე განცხადებით, კომუნისტური პარტია რუსეთს საქართველოსთან ამ შეუსაბამო კავშირის დასრულებას სთავაზობს. არ გვჭირდება ამ რაოდენობით სახინკლეები, მისი სახელი პელმენად უნდა გადაკეთდეს, ხაჭაპური კი გავრცელებული რუსული „პიშკა“ და ღვეზელია, რომელიც სპეციალური რეცეპტით არის მომზადებული. სწორედ ამიტომ ხაჭაპურის ნაცვლად „პიშკა“ უნდა დაიწეროს.
„რუსეთის კომუნისტური პარტია „როსპოტრებნადზორს“ მოუწოდებს, ყველა ობიექტმა, რომელიც მომხმარებელს ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, შესაბამისი რებრენდინგი განიცადოს. „როსპოტრებნადზორმა“ ყველა ობიექტი უნდა დაავალდებულოს, დაახლოებით, ორ კვირაში შეუცვალონ ხინკალს სახელი და პელმენი დაარქვან.
დრო გავა, საბჭოთა კავშირი აღდგება და ქართული სამზარეულოსთვის შესაბამისი ყურადღების მიქცევა ისევ შესაძლებელი იქნება. ამჟამად, ჩვენ ჩვენი ოპონენტის პროპაგანდას ვახდენთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბოროტი და აგრესიული სახელმწიფოა, რომელიც ნებისმიერი ბინძური ქმედებისთვის და პროვოკაციისთვის არის მზად. ჩვენ კი მთელი მოსკოვი ხინკალად ვაქციეთ, რაც საკუთარი თავის უპატივცემულობაა“, - განაცხადა რუსმა პოლიტიკოსმა.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა