ძალიან მკაცრად და კვალიფიციურად გაკონტროლდება საინვესტიციო და ოპერაციული რისკები და ეს ყველაფერი იქნება საუკეთესო დასავლური სტანდარტების მიხედვით, - ეს განცხადება საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ ბიზნეს სექტორს საინვესტიციო საბჭოს წევრებთან საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდა.
,,კითხვები იყო დაცულობაზე, ჩვენი სააგენტოს სტრუქტურაზე, პასუხები გავეცით ამომწურავად თუ როგორ იქნება დაცული ეს ყველაფერი, როგორ მოხდება ინვესტიციები, როდის დაიწერება საინვესტიციო პოლიტიკა. ეს ყველაფერი გაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში და ზუსტად ამის მიხედვით მოხდება ინვესტირება“, - განაცხადა სურგულაძემ.
საინვესტიციო საბჭოს წევრები თბილისში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე დაიწყეს საინვესტიციო პოლიტიკის მონახაზზე მუშაობა, მსჯელობენ უფროსი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურაზე და რისკის სტრუქტურის საკითხებზე.
აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.