სოციალურმა ქსელმა „ინსტაგრამმა“ მიზნად დაისახა, თავის პლატფორმაზე ბულინგის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Euronews ავრცელებს.
როგორც „ინსტაგრამის“ ადმინისტრაციამ თავად დააანონსა, უკვე ამ კვირიდან, თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი დაწერს ისეთ კომენტარს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი შეურაცხმყოფელად აღიქვამს, მას კომენტარის წაშლის შესაძლებლობა ექნება.
ამასთან, როდესაც მომხმარებელი შეურაცხმყოფელ კომენტარს დაწერს, გამოქვეყნებამდე, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მას აუცილებლად ჰკითხავენ: „თანახმა ხართ თუ არა, რომ ამ პოსტის გამოქვეყნება გსურთ?“
ასევე, მომხმარებელს ექნება რამდენიმე წუთი, რომ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარი წაშალოს. ამ დროის განმავლობაში კი კომენტარის ადრესატს შეტყობინება არ მიუვა.
მას შემდეგ, რაც ეს ინოვაციური ტექნოლოგიები დაიტესტა, „ინტაგრამის“ ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ახალი რეგულაციები საზიანო კომენტარების რაოდენობას შეამცირებს და მათ წაშლას წაახალისებს.
როგორც Euronews წერს, ინსტრაგრამის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად, ბულინგის პრობლემის გამო ახალგაზრდები ბლოკავენ სხვა მომხმარებლებს ან მათ გამოწერას უუქმებენ. ამ პრობლემის დასაძლევად სოციალური მედიის კომპანიამ შეიმუშავა ფუნქცია - „შეზღუდვა“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სხვასთან კონტაქტი უფრო ლიმიტირებული გახადოს ისე, რომ ამ უკანასკნელმა მასზე მსგავსი შეზღუდვის დაწესების შესახებ არაფერი იცოდეს.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, „ინსტაგრამზე“ შევქმნათ უსაფრთხო გარემო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენდა და ვაგრძელებთ ინვესტირებას, რათა ამ პრობლემას უკეთ ვებრძოლოთ და დავძლიოთ ის“, - განაცხადა ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა