ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ სასტუმროების ქსელ „მარიოტს“ 124 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი და მიზეზად კომპანიის მიერ მომხმარებელთა მონაცემების დაუცველობა დასახელდა. შესაბამის ინფორმაციას CNN Business ავრცელებს.
მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება ევროპის პირადი მონაცემების დაცვის მკაცრი წესებიდან გამომდინარე გამოიტანა.
სასტუმროების კომპანიაში დაადასტურეს, რომ 99 მილიონი ფუნტის სტერლინგის (124 მილიონი დოლარის) ოდენობით ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის ინფორმაციის კომისარის ოფისმა 9 ივლისს მიიღო.
რეგულატორმა განცხადება საქმის დეტალებზეც გააკეთა. მათი განცხადებით, ჯარიმა „მარიოტს“ მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევისთვის დაეკისრა, რომელიც ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, 339 მილიონ სტუმარს გულისხმობს, საიდანაც 30 მილიონი ევროპიდანაა.
სასტუმროების ქსელ „მარიოტში“ ჰაკერულ შეტევაზე ალაპარაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მონაცემებზე ჰაკერული შეტევა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2018 წელს შეიტყვეს.
„მარიოტში“ განაცხადეს, რომ რეგულატორის მიერ დაწესებული ნებისმიერი ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.
„ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობასა და ინფორმაციის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, იმისთვის, რომ ვუპასუხოთ უმაღლეს სტანდარტებს, რომელთაც ჩვენი სტუმრები ჩვენგან ელიან“, - განაცხადეს სასტუმროების ქსელის ადმინისტრაციაში.
„მარიოტი“ არ არის პირველი უმსხვილესი კომპანია, რომელიც მიმდინარე კვირას რეგულატორმა დააჯარიმა. 7 ივლისს „ბრიტანეთის ავიახაზებს“ 183,4 მილიონი ფუნტის სტერლინგის (230 აშშ დოლარი) ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა, რადგან 500 000 მომხმარებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა საფრთხის ქვეშ დააყენა.
რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელიც კონფიდენციალურობის დარღვევისთვის კომპანიების დაჯარიმებას ითვალისწინებს, ის ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს. კანონმდებლობის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დამრღვევი ორგანიზაცია წლიური შემოსავლის 4%-ით ჯარიმდება.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა