ირაკლი შიოლაშვილი: ვეცდებით, ყველა ფერმერის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ

კახეთში რთველი 10 დღეში დაიწყება.

რთველის მოსამზადებელ სამუშაოებზე, გვალვით გამოწვეულ პრობლემებსა და რეგიონის წყალმომარგების მხრივ არსებულ ვითარებაზე, "ინტერპრესნიუსი" კახეთის რეგიონის გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, როგორ ემზადებით რთველისთვის, თუ არიან ქარხნები მზად ყურძნის ჩასაბარებლად?

- ქარხნები ამ დროისთვის მზად არიან. რთველის დაწყებას ველოდებით დაახლოებით 10 დღის შემდეგ. პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ჰქონდა მიდგომა, რომ წითელ ყურძენზე არ მომხდარიყო სუბსიდირება და თავისთავად იქნებოდა სულ მცირე ერთი ლარი, მაგრამ ყოველგვარი რისკი თავიდან რომ აგვერიდებინა, მაინც გადაწყდა, რომ 15 თეთრით, ამ მინიმალური თანხით მომხდარიყო სუბსიდირება. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ყურძენს მინიმუმ იგივე ფასი ექნება, რაც იყო შარშან. წელს გაცილებით გაზრდილია მოთხოვნა. განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება წითელ ყურძენზე, საფერავზე. რაც შეეხება თეთრი ფერის ყურძენს, სუბსიდირებას სახელმწიფო აგრძელებს და ესეც იქნება მინიმუმ ერთი ლარი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან. მიმდინარეობს ყველანაირი საორგანიზაციო საკითხების დამუშავება. რთველი დაიწყება 10 დღეში და ვფიქრობთ, ის აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაივლის.

- ატმის სეზონი უკვე დასრულდა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ 4 ათას ტონაზე მეტი ატმის ექსპორტი განხორციელდა. როგორი იყო მოსავალი კახეთში და სახელმწიფო როგორ დაეხმარა გლეხებს?

- ჩემი, როგორც რეგიონის ხელმძღვანელის პოზიციაა, მაქსიმალურად მეტი დოვლათი შევიდეს ყველა გლეხის ოჯახში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით ატმის რეალიზაციის პროცესზე, გვეუბნებოდნენ, რომ შარშან ბევრმა ადამიანმა ვერ დაკრიფა ატამი, რადგან ფასი იყო იმდენად დაბალი, რომ საერთოდ თავი დაანებეს გლეხებმა ატმის რეალიზაციის საკითხს. მე მახსოვს, გუბერნატორად რომ მოვედი, პირველი კითხვა იყო ატამთან დაკავშირებული, თუ რას ვუზამთ ატამს? როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას? მაშინ ვთქვი, რომ ატმის რეალიზაციის საკითხი იქნებოდა ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა საქართველოში. ყველას რატომღაც ჰქონდა ირონიული სახეები - ვერ მოაგვარებთ, ასეთი იყო დახლოებით მათი პასუხი.

წლევანდელმა წელმა დაგვანახა, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად თურმე შესაძლებელია ატმის რეალიზაციის აბსოლუტურად სწორი მიმართულებით დამენეჯმენტება, გატანა ექსპორტზე და საკმაოდ მომგებიან დარგად გადაქცევა. წელს დაახლოებით 80 თეთრიდან 1,30-ის ფარგლებში მერყეობდა ფასი. ეს არის ძალიან მაღალი ფასი იმისთვის, რომ ნებისმიერმა ფერმერმა იზრუნოს არამარტო კვლავწარმოებაზე, არამედ ახალი ბაღების გაშენებაზე.

- რამდენადაც ცნობილია, კახეთში სერიოზული პრობლემები შექმნა გვალვამ. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა პრობლემებზეა საუბარი?

- ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაწუხებს, ეს არის საშინელი გვალვა მთლიანი რეგიონის მასშტაბით. თითქმის ყველა სოფელში დაშრა სათავე ნაგებობები, საიდანაც სოფლები წყლით მარაგდებოდა. მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება რომ არ მუშაობდეს პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში, გვექნებოდა სრული კატასტროფა კახეთის რეგიონში. ეს არის 24 საათიანი მუშაობის შედეგი, რომ ელემენტარულად არ არის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა, რომელიც კახეთისთვის იქნებოდა დამღუპველი. მდინარეებში, მათ შორის ალაზანში, იმდენად არის წყლის დონე შემცირებული, რომ ერთ-ერთ ჩვენს საზღვრისპირა სოფელში საქონელმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ არის მდინარეში წყალი დაკლებული.

ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში. მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ წყალს.

რაც შეეხება ზარალს, ზარალი საერთო ჯამში იქნება, თუმცა რა რაოდენობის, ამას ჯერ ვერ გეტყვით. ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრთანაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ასპექტი. მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და ვეცდებით, მინიმუმადე დავიყვანოთ ყველა ფერმერის რისკი. ამისთვის საჭიროა იმ გზების გამოძებნა, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში მსგავსი ფაქტები.

პირველი, რაც ზარალის გამომწვევია, არის გვალვა და მეორე - სეტყვა. იმისთვის, რომ სეტყვა აღარ მოხდეს, საჭიროა, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები დამონტაჟდეს. ამისთვის მთავრობამ უკვე გამოყო 20 მილიონ ლარზე მეტი და მომავალ გაზაფხულზე უკვე კახეთის რეგიონს მთლიანად მოვიცავთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით. ამავე დროს სეტყვასთან და ზარალთან მიმართებაში მთავრობას აქვს შემუშავებული განსაკუთრებული დაზღვევის სისტემა, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ეს სისტემა მოიცავს მთავრობის მხრიდან თანადაფინანსებას იმ ფერმერებისა, რომელიც მუშაობენ სოფლის მეურნეობაში და აქვთ გარკვეული რისკები. რაც შეეხება მეორე ასპექტს, რომელიც არის გვალვასთან დაკავშირებული, ამასთან მიმართებაში ერთადერთი გამოსავალი არის სარწყავი სისტემების აღდგენა. რამდენიმე ათეული წელია, სეტყვის პრობლემა, სარწყავი სისტემა საერთოდ არც ერთ მთავრობას არ მოუკითხავს. ჩვენ ვართ პირველი მთავრობა, რომელიც ღიად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის სარწყავი სისტემების აღდგენა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალი წლიდან ინტენსიურად დაიწყებს სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-აღდგენას და მინიმუმ დავუბრუნდებით იმ საწყის ეტაპს, სადაც ვიყავით რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ირწყვებოდა გაცილებით უფრო დიდი ფართობები, ვიდრე დღეს გვაქვს რეალობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მილები წინა ხელისუფლებების დროს მთლიანად ამოღებულია და ჯართშია ჩაბარებული, რკინა-მასალად არის გასული ქვეყნიდან, ჩვენ ვეცდებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მთლიანად აღვადგინოთ ეს სისტემები.

- ბოლო პერიოდში კახეთის სხვადასხვა სოფლებში იმართებოდა აქციები სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით. როდისთვის შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?

- ყველაზე მთავარი არის ის, რომ სადაც აქციები იმართებოდა, ხშირ შემთხვევაში, ეს იყო ხელოვნური. ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ - მიმდინარეობდა სამუშაოები და ყველა მუნიციპალიტეტის ხელმღვანელი ტრიალებდა იმ სოფელში, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტათ, მაინც ხდებოდა ხელოვნურად ვითარების პროვოცირება. მე ვადასტურებ, რომ პრობლემები ნამდვილად იყო. მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეები გაგებით მოეკიდონ იმ საკითხს, რომ მთავრობა, ადილობრივი ხელისუფლება, ისევე როგორც გუბერნია მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ყველა სოფელს ჰქონდეს ალტერნატიული წყლები.

სასმელი წყლის პრობლემა დღესაც არის ცალკეულ უბნებში, თუმცა ისე, რომ სოფელს საერთოდ არ ჰქონდეს წყალი, ნამდვილად არ არის.

თეა ბითაძე

"ინტერპრესნიუსი"