BMW ელექტრული „მინის“ წარმოებას წლის ბოლოს დაიწყებს

BMW აცხადებს, რომ წლის ბოლოს თავის ბრიტანულ ქარხანაში, ელექტრული „მინის“ წარმოებას დაიწყებს. პირველი ავტომობილები მომხმარებლებამდე გაზაფხულზე მიაღწევს.

„მინი ელექტრიკით ჩვენ ვიწყებთ ელექტრული მანქანების წარმოების ახალ ეტაპს. 2023 წელს, გეგმაზე ორი წლით ადრე, ჩვენ ბაზარზე 25 ელექტრიფიცირებული მოდელი გვექნება, მათგან ნახევარზე მეტი კი სუფთა ელექტრომობილი იქნება“, - ამბობს ბავარიული კომპანიის წარმოების შეფი ოლივივერ ციპსე.

ელექტრული „მინის“ წარმოების დაწყება, ბრექსიტის ახალ ბოლო ვადას (31 ოქტომბერს) ემთხვევა. და ეს იმ დროს ხდება, როცა ბევრი კომპანია, ხელშეკრულების გარეშე ბრექსიტის შიშით, ბრიტანეთიდან წარმოების და ბიზნესის გატანას/ნაწილობრივ გატანას განიხილავს.

„ბეემვემ“ თავის ოქსფორდის (სამხრეთი ინგლისი) ქარხანაში შარშან 230 ათასი ავტომობილი გამოუშვა. ეს კი ბრიტანეთის ავტომრეწველობის დაახლოებით 15 პროცენტია. ბავარიელები „მინის“ ძრავების და მოდელების ნაწილის ბრიტანეთის გარეთ გატანას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირიდან გასვლა ხელშეკრულების გარეშე განხორციელდება. თუმცა პრემიერ-მინისტრობის ორივე კანდიდატი - ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი ირწმუნებიან, რომ ხისტ ბრექსიტს არ დაუშვებენ.

რაც შეეხება სერიულ ელექტრულ „მინის“, მისი სრული სახელია „მინი კუპერ SE“ და ის სამკარიანი სუბკომპაქტური მოდელია. არის წინა წამყვანი ბორბლებით. აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 184 ცხენის ძალას და 270 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

ძრავს ენერგიით კვებავს ელემენტების ბლოკი, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით, 270 კილომეტრის გავლას შეძლებს. ბლოკი ავტომობილის ძირზეა განლაგებული. ელექტრომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 150 კილომეტრს აღწევს. ავტომობილი აღჭურვილია ხმოვანი სისტემით, რომელიც ფეხმავლებს მისი მოახლოების შესახებ ამცნობს.