უნივერსიტეტის მშენებლობა ბათუმში, ამ ქალაქს გადააქცევს საერთაშორისო და რეგიონალურ ჰაბად განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც ბათუმის ახალი უნივერსიტეტის შესახებ განაცხადა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე და შევთანხმდით, რომ 3 წლის განმავლობაში ბათუმს უნდა ჰქონდეს ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი. აქ გვეყოლება ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი, გვეყოლება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც შეძლებს მოიტანოს ახალი სიცოცხლე და ახალი დინამიკა ამ ქალაქში, რეგიონში. ეს იქნება გამორჩეული პროექტი. პრაქტიკულად, ერთ სივრცეში განთავსებული მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ხარისხიანი განათლების ადგილზე მისაღებად. არის როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ყველა თანამედროვე საჭირო სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის და განათლებისთვის“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ პრეზენტაციაზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალგაზრდობა და განათლება მოქმედი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია.
„მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდებით, განვითარებული ადამიანური კაპიტალით შესაძლებელია ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევა. განსაკუთრებით, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას თუნდაც, საერთაშორისო ასპარეზზე აქვს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.