კრემლი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს

კრემლში თვლიან, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია, რამდენადაც იქ (საქართველოში) რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოფნა საფრთხის შემცველია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. თუმცა ამავდროულად, არ გამორიცხა, რომ ფრენები ისევ აღდგეს.

„არ არის გამორიცხული, რომ ფრენები აღდგეს. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს დილით გაარცელა რუსულმა „კომერსანტმა“. როგორც გამოცემას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარმა წყარომ განუცხადა, „თუ რუსოფობია საქართველოში შეწყდება, ხელისუფლება კი თანმიმდევრული იქნება, არ არის გამორიცხული ავიამიმოსვლა ისევ განახლდეს“.

„კომერსანტის“ წყარო აცხადებს, რომ სიტუაციის ნორმალიზების შემთხვევაში შესაძლოა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხმაც კვლავ წინა პლანზე წამოიწიოს.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად 8 ივლისს შეწყდა.