ევროპაში თხილზე მოთხოვნა იცვლება

საქართველო მსოფლიო ბაზარზე თხილის მიმწოდებელი ქვეყნების პირველ ხუთეულში შედის და თურქეთის შემდეგ, მეორეა ევროკავშირში მიმწოდებლებს შორის.

თუმცა, ნელ-ნელა მწიფდება ერთი პრობლემა: ევროპაში მცირდება მოთხოვნა ნედლეულზე (თხილის გულსა და გაუტეხავ თხილზე) და იზრდება მოთხოვნა თხილის მზა პროდუქტებზე. ევროპული ფირმები ამჯობინებენ თხილის პასტის, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილის, მოხალული ან დაქუცმაცებული, კანგაცლილი თხილის შეძენას. ამის მიზეზი ის არის, რომ ევროპაში ძვირი ჯდება ნედლეულის გადამუშავება. საქართველოდან თხილის ექსპორტიორი კომპანიების უმეტესობას კი საჭირო საწარმოო სიმძლავრეები არა აქვს. ამასთან, თხილის მზა პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გატანამდე უფრო მკაცრ სერტიფიცირებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას ექვემდებარება. ეს სისტემა აწყობილია თურქეთში, მაგრამ არა საქართველოში. ქართული თხილის ექსპორტიორ ბევრ კომპანიას არა აქვს თხილის მზა პროდუქტებისთვის საჭირო სერტიფიკატი, მისი მიღება კი დიდ ხარჯს მოითხოვს. ადგილობრივ კომპანიებს მცირე მოგება საშუალებას არ აძლევს, დიდი თანხა დააბანდონ საწარმოს გადაიარაღებასა და სერტიფიცირებაში.

”საქსტატის” მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში თხილის წარმოებამ 39,7 ათასი ტონა შეადგინა. აქედან ექსპორტით 166,632 მლნ აშშ დოლარის თხილი გავიდა, რომლის 60% ევროპის ქვეყნებზე მოდის.