ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები და ახალი ბულვარის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის, დაახლოებით, 5- კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ნაწილი ბულვარის მოწყობის სამუშაოებსაც გულისხმობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 55,609,957 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა.

მათივე ცნობით, ბათუმის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთი, დაახლოებით, 2კმ-ის სიგრძეზე განიცდის ძლიერ ეროზიას.

„ამ მონაკვეთის გასწვრივ გასული წლების განმავლობაში ზღვამ მიიტაცა დამუშავებული მიწები და სახლები. სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების გარეშე სანაპიროს ეროზია გაგრძელდება აეროპორტის მხარეს და ბათუმის სამხრეთით მდებარე სოფელ ადლიაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სანაპიროს დაცვის ღონისძიებები მოიცავს დაახლოებით 5.5 კმ-იან სანაპირო ზოლს და ითვალისწინებს 1750 მ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. არსებული ბულვარის აღდგენილ პლაჟთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ცალი 20 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.