მოქალაქეებს აქვთ უფლება იმუშაონ იქ, სადაც მათ სურთ და სადაც მათი პროფესიონალიზმი ამის საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის პასუხად განაცხადა. როგორც ანგარიშში წერია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურებრივი გადაადგილება ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკს შეიძლება შეიცავდეს, როდესაც ასეთი გადაადგილება ერთი სექტორის ფარგლებში ხდება.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოქალაქეები სამუშაოდ როგორც კერძო სექტორიდან გადადიან სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე ხდება პირიქითაც.
,,ეგრეთ წოდებული მიმოსვლა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არის ბუნებრივი პროცესი, როგორც კერძო სექტორიდან გადადიან ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე პირიქით გადადიან კერძო სექტორში, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მოქალაქეებს აქვთ უფლება იმუშაონ იქ, სადაც მათ სურთ და სადაც მათი პროფესიონალიზმი ამის საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ტენდერების ლობირების საკითხთან დაკავშირებით კი ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მიუკერძოებელ შეფასებაზე, უნდა მიუთითონ კონკრეტული ინფორმაცია და ამ კონკრეტულ ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ძალიან საფუძვლიანი არგუმენტაცია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.