პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ხელისუფლებამ ეკონომიკური მიმართულებით სწორი პოლიტიკა გაატარა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეკონომიკური მიმართულებით სწორი პოლიტიკა გაატარა.

ამასთან, მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, საქართველო არცერთ პროვოკაციაში არ შესულა და რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის ადგილს ინარჩუნებს.

“2012 წლის შემდეგ ჩვენ გლობალურ ბაზრებში მეტი ინტეგრაცია მოვახერხეთ. ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან. ჩვენ ასევე შევძელით საქართველოს ენერგეტიკის კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მეტი დივერსიფიკაციის მიღწევა. წარმატებები გვაქვს ტურიზმშიც - 3 მილიონი ტურისტი წელიწადში თითქმის 9 მილიონამდე გაიზარდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და აქვე დასძინა, რომ “ქართული ოცნების“ ეკონომიკური კურსი საერთო ჯამში სწორი აღმოჩნდა.