დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ციხე -კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტის საფარი; ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება; დამონტაჟდება გარე განათება და კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე გაკეთდება პარკირების სივრცეც.
„პროექტის განხორციელებით მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება და ანანური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა. პროექტის ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.