საქართველოში პირველი ინოვაციების ბანაკი გაიხსნა

საქართველოში პირველი ინოვაციების ბანაკი გაიხსნა, რომელიც Make-a-thon-ის ფორმატში მიმდინარეობს.

ღონისძიება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ" არის ორგანიზებული და მასში 40-მდე ახალგაზრდა ინჟინერი, გამომგონებელი, პროგრამისტი და ბიზნეს-ფაკულტეტის სტუდენტი მონაწილეობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში გუნდებში გაერთიანებული ახალგაზრდები ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის სრულ ციკლს სწავლობენ. ისინი იღებენ არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროტოტიპის შექმნის გამოცდილებას, შესაბამის კომპონენტებთან და მასალებთან წვდომას, არამედ სწავლობენ ბიზნესის დაგეგმვას Canvas Business Model-ს და ინვესტორებისთვის თავისი პროექტებისა და იდეების წარდგენის პრინციპებს.

ინოვაციების ბანაკს ესწრებიან სპეციალურად მოწვეული მენტორები - დუბაის აქსელერატორის tunr8-ის წარმომადგენლები და ინჟინერ-გამომგონებლების გუნდი გერმანიიდან. პროტოტიპების შექმნის პროცესში მონაწილეებს კონსულტაციებს გაუწევენ ადგილობრივი ბიზნეს ტრენერები და გამომგონებლები, ინჟინრები და მეცნიერები საქართველოდან.

ღონისძიება 21 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდების მიერ შექმნილი პირველადი პროტოტიპების დახვეწაში და ბაზარზე გასვლისათვის დაეხმარება. სააგენტო ასევე გეგმავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა Start-up გუნდებს თავისი ტექნოლოგიური პროდუქტის პროტოტიპების ინვესტორებისათვის წარდგენაში, შემდგომ ერთობლივი ბიზნესის და წარმოების განსავითარებლად.