„სადაც დღეს ვართ, გამოუვალი სიტუაციაა. კარგია რომ რუსეთმა სანქციები არ დაგვიწესა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ დამოკიდებულების შესამცირებლად“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე რუსულ ფულზე (ოღონდ დოლარებში) საქართველოს დამოკიდებულების საკითხს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ამ გრაფიკზე ჩანს საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ფულზე (ოღონდ დოლარებში). 4 წყაროა სულ: ტურიზმიდან, ექსპორტი, ემიგრანტების გადმორიცხული ფული და ინვესტიციები (ინვესტიციები ყველაზე ცოტაა, წელიწადში საშუალოდ 46 მლნ დოლარი).

2011-2012 წლებში ძირითადად ემიგრანტების გზავნილები და 100-200 მლნ დოლარი ტურიზმიდან შემოსავალი იყო.

ტურიზმი 2013-მდეც კარგად იზრდებოდა, მაგალითად 2012 წელს რუსეთიდან 86%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2011 წელს.

2013-დან საექსპორტო ბაზარი გაიხსნა, ტურიზმიც მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2014 წელს სულ 1.4 მილიარდი დოლარი შემოვიდა, ჩვენი ეკონომიკის (მშპ-ის) 8.5%.

2015 წელს რუსეთში სანქციების გამო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ეკონომიკა 2.5%-ით შემცირდა. ეს საქართველოზეც აისახა, რუსეთიდან შემოსული ფული 26%-ით შემცირდა.

2016 წლიდან რუსეთი ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის. ეკონომიკა 0.3%-ით იზრდება.

2017-2018 წლებში რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-ია, რაც ზრდის ქართული პროდუქციის ექსპორტს და რუსეთიდან ტურისტებს. ფულად გზავნილებს და ინვესტიციებს მნიშვნელოვნად არც დაეტყო.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებამ 10.2%-ს მიაღწია. 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 3.8% პუნქტით.

თუმცა, მშპ-ს მიმართ დამოკიდებულებაზე ლარის კურსსაც აქვს გავლენა. ლარის დოლარის მიმართ გაუფასურებას თუ გამოვრიცხავთ, 2012 წლის შემდეგ რუსეთზე დამოკიდებულება 2.1% პუნქტით არის გაზრდილი.

სადაც დღეს ვართ, ეს არ არის გამოუვალი სიტუაცია. კარგია რომ რუსეთმა სანქციები არ დაგვიწესა (ჯერ-ჯერობით), მაგრამ ეს კი არ უნდა ვიზეიმოთ, ისტერიკის და ლანძღვის გარეშე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ დამოკიდებულების შესამცირებლად.

მაგალითად, მთავრობა რა ფულსაც რუსი ტურისტების მოზიდვის რეკლამაზე ხარჯავს, სხვა ქვეყნებზე დახარჯოს ეს ფული. ბანკებმა და დონორებმა განსაკუთრებული შეღავათები გაუწიონ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ, ოღონდ არა რუსეთში. მთავრობამ თავისი პროგრამებით არ წაახალისოს რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული კომპანიები, მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები დაუწესოს ტურისტულ სექტორს და ა.შ. ეს რაც უცებ გამახსენდა,“-წერს ნამჩავაძე.