ტურისტები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, სერვისით სარგებლობა მოსახერხებელი განსაკუთრებით ტურისტებისთვის იქნება.
„ერთიანი გადახდის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ჩართული არის ქართული ბანკების უმრავლესობა. ვაპირებთ ამ სისტემაში უცხოური ბანკებიც ჩავრთოთ. მაგალითად, „დოიჩე ბანკი“ და სხვა ბანკები. ამით ტურისტებს გაუადვილდებათ გადახდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ფაქტია, რომ ეს თუ არ გავაკეთეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება არ გავაუმჯობესეთ, საცობები ისე არ განიტვირთება. უნდა მივეჩვიოთ წესრიგს. ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გააჩერებს და შესაძლოა, 100-150 მეტრი გაჩერებიდან ფეხითაც მოგვიწიოს გადაადგილება. ახლა მოთხოვნაა, რომ ნაგვის ურნა ყველას სახლთან ედგეს, ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი სახლთან ჩერდებოდეს. ეს ასე ვერ იქნება და ამას უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.