„უნგრელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში შეიძლება გაიზარდოს"

ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

პიტერ სიიარტომ განაცხადა ისიც, რომ უნგრეთი პრინციპულად წინააღმდეგია პოლიტიკის ჩარევის ვაჭრობაში და ადამიანებს შორის ურთიერთობაში.

„მე თქვენს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რომ შეიძლება გაიზარდოს უნგრელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში იმის საშუალებით, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა“ ააწყოს ავიამიმოსვლა ბუდაპეშტიდან თბილისში. შეიძლება ქვეყნის „პრომოუშენის“ გაკეთება უნგრეთში, “ვიზეარიც“ უნგრეთში რეგისტრირებული ავიაკომპანია, დღეს უმსხვილესი ავიაგადამზიდავია საქართველოში, რომელიც დაფრინავს 18 ქვეყანაში 31 მიმართულებით. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ხელახლა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი ტურიზმის სფეროში გაერთიანებულ ეკონომიკურ კომისიის დაქვემდებარებაში, რომ ვნახოთ რამდენად მეტი უნგრელი ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია თვით ევროკავშირის მომავალი წარმატებისათვის.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რაც მეტნი ვიქნებით მით უფრო ძლიერები ვიქნებით. თანამშრომლობის განვითარების მეტი საშულება უნდა მივცეთ პარტნიორ ქვეყნებს. რაც შეეხაბა ნატო-ს, ვფიქრობ, რომ ნატო-მ მეტი დადებითი სიგნალი უნდა მისცეს. ვართ საქართველოსთვის “მაპის“ გააქტიურების მომხრე. 870 კაციანი კონტიგენტი გყავთ ავღანეთში, ნატო-ს მისიის მხარდასაჭერად. ეს გასაგები სიგნალია საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების საჩვენებლად. ამიტომ მხარს ვუჭერთ მეტ თანამშრომლობას საქართველოსთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც შესაძლებლობას შექმნის საქართველოს წინსვლისთვის. მხარს ვუჭერთ “მაპის“ გააქტიურებას, რომ გაძლიერდეს ნატოს და საქართველოს თანამშრომლობა. ჩვენ გამოვალთ ნატო-საქართველოს კომიტეტის სხდომის ჩატარების ინიციატორები ნატოს შემდეგ მინისტერიალზე, შემოდგომაზე“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.