ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10-წლის იუბილეს ფარგლებში მიძღვნილი პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზების, აგრეთვე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების შედეგად მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ.
შეხვედრაზე ენერგეტიკული ქარტიის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებს და იმ პროცესებს, რომლებიც აღნიშნულ სექტორში მიმდინარეობს.
საქართველო ენერგეტიკული ქარტიის წევრია 1995 წლიდან. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტულ სექტორში ინვესტორთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და უცხოური ინვესტიციების დაცვა; ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფა და ენერგეტიკული რესურსების ვაჭრობისათვის საჭირო არადისკრიმინაციული პირობების შექმნა.