„სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მხარდასაჭერად"

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ტრანსევროპული პროექტი, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი და აზიელი ბიზნესმენებისთვის, რომ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, საქართველოს გავლით და საქართველოს მეშვეობით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-16 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაზე: ,,მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირების თემაზე“ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტთან, საიდანაც შემდეგ დავუკავშირდებით ევროპას. მისი თქმით, სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო კონსორციუმს და კერძო ბიზნესს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში და ეს მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საუკეთესო გარემო და საფუძველი შევქმნათ და მხარი დავუჭიროთ კერძო ინვესტორებს ამ პროექტის განხორცილებაში. ეს რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კერძო ინვესტორები და ყველა დაინტერესებული მხარე გაიღებს გარკვეულ კომერციულ რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეარბილებენ და გაანეიტრალებენ ამ რისკებს. სახელმწიფო ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ სახარბიელო საფუძველი შეუქმნას ამ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.