ამერიკა საფრანგეთს ციფრული მომსახურების საპასუხო გადასახადების დაწესებით ემუქრება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, საფრანგეთს საპასუხო გადასახადები დაუწესოს.

შეგახსნებეთ, რომ გუშინ საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებით, ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესდათ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამერიკული კომპანიების შემოსავლის დაბეგვრას ითვალისწინებს, გამოძიებას ჩაატარებს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება უსამართლოა და ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს. შესაბამისად, თეთრ სახლში აქტიურად განიხილავენ საპასუხო გადასახადების შემოღებას. გამოძიება დაადგენს, რამდენად სამართლიანია საფრანგეთის მიერ დაწესებული დამატებითი გადასახადი და რამდენად დააზარალებს ეს ამერიკულ კომპანიებს.

საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა მაგალითად, „გუგლი“ და „ფეისბუქი“, საფრანგეთში გაყიდვების 3 პროცენტს გადაიხდიან, რადგან საფრანგეთის მთავრობას მიაჩნია, რომ მსგავსი კომპანიები, რომელთაც ქვეყნის გარეთ აქვთ სათავო ოფისი, ძალიან მცირე გადასახადს იხდიან საფრანგეთში, ან საერთოდ არ იხდიან.

საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილების თანახმად, დაბეგვრას დაექვემდებარება ის ციფრული კომპანიები, რომელთა შემოსავალი 750 მილიონ ევროს აჭარბებს და საფრანგეთში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამას ამერიკასა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო უთანხმოების გაღრმავება შეუძლია.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა