კომპანიამ „ცომი“ საკუთარი რესტორანი გახსნა. როგორც რესტორნის დირექტორი ლალი ხორბალაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ახალი კვების ობიექტი სახელწოდებით - „შეფი სარაჯეფი“ 30-მდე სტუმარზეა გათვლილი და ის 8 ივლისს გაიხსნა. მისივე თქმით, კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი, ყველასთვის კარგად ნაცნობ, სარაჯიშვილების მეექვსე თაობას წარმოადგენს და აღნიშნული ობიექტის კონცეფციაც სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდა. კერძოდ, რესტორანი მისი ოჯახის კუთვნილ ძველ სახლში განთავსდა, სადაც არსებულ სიძველეებს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა.
ამასთან, ობიექტში პატარა ღვინის მარანიც მოეწყო, სადაც საოჯახოსთან ერთად, ადგილობრივი მწარმოებლების 30-მდე სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. სულ მალე კი, შენობაში „ცომის“ კიდევ ერთი მაღაზიაც გაიხსენება.
ცნობისთვის, კომპანიამ „ცომი“ ხინკლის ცომის წარმოება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი თავად მზარეულია. იდეა კი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე გაუჩნდა. მისი თქმით, მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.
ამჟამად კომპანია უკვე 8 დასახელების პროდუქტს ამზადებს და გარდა ხინკლის ცომისა, მომხმარებელს პელმენის, ანტრიების, ბლინჩიკების, აჭარული ხაჭაპურის, პიცისა, აჩმის და ე.წ ვარენიკების ცომსაც სთავაზობს.
კომპანიამ გასულ წელს საწარმოსთან საკუთარი საფირმო მაღაზია იმ მიზეზით გახსნა, რომ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა, იქ არსებული კაბალური პირობების გამო ვერ შეძლო. როგორც ნიკოლოზ სარაჯევი ამბობს, აღნიშნული პრობლემა დღემდე გრძელდება და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი მაღაზიისა და რესტორნის გახსნა გადაწყვიტა.
“ჩვენი შეფი, ნიკოლოზ სარაჯევი არის მეექვსე თაობის თბილისელი და ყველაფერი სწორედ ამაზე ავაგეთ. მოგეხსნებათ, სარაჯიშველები საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ფუძემდებლები არიან, მაგრამ ჩვენი შეფის განყარი, მეორე შტო, კულინარიულ სფეროში მოღვაწეობდნენ, ამასთან, როგორც იცით, ნიკოლოზ სარაჯევმა საქართველოში სრულიად ინოვაციური პროდუქცია დანერგა და ყველანაირი დანამატების გარეშე აწარმოებს ცომს, ამიტომ ეს ყველაფერი გვინდოდა ერთ სივრცეში მოგვექცია და შედაგად „შეფი სარაჯეფიც“ გაიხსნა“,-აცხადებს რესტორნის დირექტორი ლალი ხორბალაძე.
მისი თქმით, რესტორანში მისულ სტუმრებს ნიკოლოზ სარაჯევის ვერსიებით მომზადებულ ქართულ კერძებთან ერთად, მყუდრო სახლის გარემო და ღვინის ფართო ასორტიმენტიც დახვდებათ.
„რესტორანში ქართული კერძები მზადდება, თუმცა განსხვავებული ვერსიებით. გარდა ამისა, თვითონ შენობაში ძალიან საინტერესო გარემოა, ნამდვილი აგურის კედლებით. ეს არ არის ნაქირავები ბინა, ეს არის ჩვენი შეფის ოჯახის სახლი. ასევე, გვაქვს ღვინოების ძალიან საინტერესო და ფართო არჩევანი. დაახლეობით, 30-მდე დასახელების ღვინოა წარმოდგენილი, რომელთა შორის ჩვენი საოჯახო ჩამოსასხმელი ღვინოც არის“,-აცხადებს ლალი ხორბალაძე.
რაც შეეხება კომპანიის „ცომი“ კიდევ ერთ მაღაზიას, რესტორნის დირექტორის თქმით, აუციელებლად გაიხსნება, თუმცა მანამდე რესტორნის ცნობადობა უნდა გაიზარდოს.
„რესტორანში „ცომის“ მაღაზია აუცილებლად განთავსდება, უბრალოდ, ჯერ გვინდა, რესტორანი გამოვაცოცხლოთ და ცნობადი გავხადოთ“,-აცხადებს ლალი ხორბალაძე.