11 შეცდომა, რასაც წარმატებული ადამიანები დროის დაგეგმვისას უშვებენ

თუ დღის განმავლობაში გიჩნდებათ შეგრძნება, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობთ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც არ აღწევთ, თქვენ მარტო არ ხართ, რადგან ეს პრობლემა დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს. Businessinsider-ი გთავაზობთ დროის მენეჯმენტის 11 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელიც თითქმის ყველა ნიჭიერ და მონდომებულ ადამიანს მოსდის.

1. პრობლემის აღიარება

თავდაპირველად, უნდა დაიწყოთ პრობლემის აღიარებით, რომ თქვენ, როგორც უამრავ სხვა ადამიანს, გაქვთ დროის მენეჯმენტის პრობლემა. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ, დღეში 24 საათზე მეტი რომ არსებობდეს, უამრავი საქმის მოსწრებას მოახერხებდით, მაგრამ პირველ რიგში, ნუ გადაიღლით ტვინს ზედმეტი ფიქრით და ტყუილად ნუ გაფლანგავთ იმ დროს რომელიც რეალურად გაქვთ. უკმაყოფილების გამოთქმა იმის შესახებ, რომ არ გაქვთ საკმარისი დრო, ვერაფერს შეცვლის. მოძებნეთ სხვადასხვა გზა, რათა სწორად გადაანაწილოთ თქვენი შესასრულებელი საქმე.

2. არ უგულებელყოთ დღის გეგმის შედგენა

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, აუცილებლად დაწერეთ გეგმა, რის გაკეთება მოგიწევთ დღის განმავლობაში. შეიძლება ყველაფერი წუთობრივად ვერ გადაანაწილოთ, პუნქტებად ჩამოწერეთ, რის გაკეთებასაც აპირებთ. აუცილებლად დასახეთ პრიორიტეტები და საკითხზე მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ „ბრეინშტორმინგი“. იდეების გუნდურად გენერირების ეს სტილი, ძალიან დაგეხმარებათ გაიმარტივოთ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა. საღამოს აუცილებლად გაიმზადეთ შემდეგი დღისთვის სამოსი და ლანჩი. დილით როცა თქვენს გაწერილ გეგმას გადახედავთ, უფრო გაგიმარტივდებათ მუშაობის დაწყება.

3. გაარჩიე ერთმანეთისგან „სასწრაფო“ და „მნიშვნელოვანი“ საქმე

სასწრფოდ შესასრულებელი და მნიშვნელოვანი საქმის ერთმანეთისგან გარჩევა ხშირ შემთხვევაში ყველას უჭირს. ზოგიერთი ამის გამო ეიზენჰაუერის მატრიცას იყენებს. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ სასწრაფო საქმემ დღის გეგმა არ აგირიოთ.

თავდაპირველად გასაკეთებელი საქმე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სავალდებულო საქმე, რომელიც დღესვე უნდა გაკეთდეს.

გრაფიკი - მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც სასწრაფოდ გასაკეთებელი არ არის, შეგიძლიათ დღის სხვადასხვა პერიოდზე გადაანაწილოთ.

დელეგირება - თუ თქვენი რომელიმე საქმე არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადაუგზავნეთ სხვას, რომელიც ამ საქმის შესრულებაში დაგეხმარებათ.

არშესასრულებელი საქმე - გადახედეთ თქვენს საქმეებს, რომელი მათგანიც არ არის მნიშვნელოვანი და არც სასწრაფოა, გადადეთ და თავისუფალ დროს შეასრულეთ.

4. დელეგირებისას შეარჩიეთ სათანადო კანდიდატი

ხშიად დამქირავებლები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ამაყობენ იმით, რომ ყველა საქმე გამოსდით და მათ სფეროში ყველა საკითხი ზედმიწევნით იციან. მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერი თქვენ შეასრულოთ. საქმის ნაყოფიერად წარმართვისთვის აუცილებელია შეარჩიოთ ის ადამიანები, ვინც დაკისებულ ვალდებულებას კარგად გაართმევს თავს. თუ არ გაქვთ რომელიმე შტატი, მაშინ დაიქირავეთ ადამიანი, რომელიც საქმეს დისტანციურად შეასრულებს - აიყვანეთ „ფრილანსერი“. თუ პერსონალურ დამხმარეს - ასისტენტს აიყვანთ, მას შეუძლია თქვენი დრო დაზოგოს და თქვენს ნაცვლად შეასრულოს უამრავი დრო.

5. ადექით დილით ადრე

თუ სხვადასხვა გამოცემათა სტატიებს გადახედავთ, სადაც დროის სწორად დაგეგმვასა და საქმის ნაყოფიერად შესრულებაზეა რჩევები, აღმოაჩენთ ერთ საერთოს, ყველა პროფესიონალი გირჩევთ, რომ ადგეთ დილით ადრე და საქმეს შეუდგეთ დილიდანვე. სცადეთ და დილით ადექით 1 საათით ადრე, ამ პერიოდში გადახედეთ თქვენი დღის კალენდარს, საქმეებს, მიირთვით საუზმე და თავად აღმოაჩენთ, რომ დღე უფრო ნაყოფიერად ჩაივლის.

6. ნუ იქნებით ხისტი

რაც არ უნდა კარგად გქონდეთ დაგეგმილი დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმე, შეიძლება უეცრად გეგმები შეგეცვალოთ, ამიტომ თქვენი კალენდარი მოსახერხებელი და მოქნილი უნდა იყოს.

7. იყო „სრულყოფილი“

ჩვენ ყველანი მივისწრაფით, რათა საქმე ხარისხიანად შევასრულოთ, მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა არარეალურია. ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ვახდენთ ზეწოლას, რათა ვიყოთ სრულყოფილები, მაგრამ ამ ზეწოლით ჩვენს ირგვლივ სხვა დასაქმებულებს ექმნებათ დისკომფორტი.

8. საქმისთვის დროის განსაზღვრა

სამწუხაროდ, ადამიანები მიდრეკილნი ვართ არასწორად გადავანაწილოთ დრო ამა თუ იმ საქმეზე. მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ რაღაც კონკრეტულ საქმეზე 1 საათი გვეყოფა, შეიძლება მის შესასრულებლად ორი საათი ან უფრო მეტი დრო დაგვჭირდეს, ან პირიქით. საუკეთესო შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში დააკვირდით რომელი საქმე რა დროს გართმევთ და ამის შემდეგ გადახედეთ თქვენი დღის კალენდარს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანეთ ცვლილებებიც.

9. დაალაგეთ თქვენი სამუშაო ადგილი

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს სამუშაო ადგილს, საქმის დასრულებისას ნივთები დაალაგეთ და დაუბრუნეთ საწყის ადგილს, რათა შემდეგ დღეს არეულობამ დრო არ დაგაკარგვინოთ.

10. შეუჩერებლად მუშაობა

ზოგიერთი ადამიანი ამაყობს იმ ფაქტით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში შესვენების გარეშე მუშაობს, რაც არ არის კარგი როგორც თქვენთვის, ასევე თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის. სამუშაოს პერიოდში 10 წუთით მაინც უნდა შეისვენოთ და შემდეგ განაგრძეთ მუშაობა.

11. როცა დროის დაგეგმვის არცერთი სისტემა არ მოგწონს

თუ სხვადასხვა სტატიას წაიკითხავთ, აუცილებლად აღმოაჩენთ უარავ მაგალითს, როგორ დაგეგმოთ სამუშაო დრო, მაგრამ აუცილებელია, რომ სხვადასხვა სისტემა სცადოთ და თქვენს სამუშაოს მოარგოთ.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ