საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო, „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ მოსახლეობის გამოკითხვა გადაწყვიტა.
გამოკითხვაში, ქვეყნის მასტაბით, მონაწილეობა მიიღო 350-მა რესპონდენტმა.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ცნობადობა მაღალი აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 79%-ს აქვს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ. მათ შორის, ქალაქში უფრო მეტს სმენია საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობაზე (85%), ვიდრე სოფელში (70%).
ასაკის მატებასთან ერთად ამ საკითხის ცნობადობა იმატებს. 18-29 და 30-39 ასაკობრივ ჯგუფებში ცნობადობა 76% და 79%-ია, 40-50 წლის რესპონდენტებში კი ყველაზე მაღალი - 84%.
კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას - ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის უფრო სარგებლობის მომტანი იქნება თუ უფრო ზიანის მომტანი? მათი პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა მესამედი (33%) მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა სარგებლობის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, 31% კი ფიქრობს, რომ - ზიანის მომტანია. დარჩენილ ნაწილს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს (36%).
„საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ კითხვის განხილვამ გამოავლინა, რომ ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლების პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდება. ქალაქში მაცხოვრებლებს სოფელში მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ჰესების მშენებლობა სარგებლის მომტანია (შესაბამისად, 25% და 49%). კითხვაზე, თუ რომელი მხარეების მოსაზრებებს უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო ჰესის მშენებლობის პროექტზე ნებართვის გაცემისას, საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღეთ. ყველაზე ხშირად დასახელებულ პასუხებს შორის ეკოლოგები/გარემოს დაცვის სპეციალისტები (79%) და ადგილობრივი მოსახლეობაა (68%); შეიძლება ითქვას, რომ ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით ყველაზე აქტიური და უარყოფითად განწყობილი ნაწილი,“-აღნიშნულია კვლევაში.