Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა და შესაძლოა ისრაელის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებაც შეეზღუდოს

ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა, თუმცა სამომავლოდ ავიაკომპანია შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს და ისრაელის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებაც შეეზღუდოს.

ჩვენი ინფორმაციით, Myway Airlines-მა გერმანიაში ფრენებზე უარი მიიღო, რასაც საბოლოოდ ევროკომისიის უარიც მოჰყვა.

გერმანიის საავიაციო ხელისუფლების მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწერილ წერილში ნათქვამია, რომ Myway Airlines-ის მიერ საქართველოსა და გერმანიას შორის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით უწყებამ დეტალურად შეისწავლა კომპანიის განაცხადი და სხვა დამატებითი ინფორმაცია. გერმანიის საავიაციო ხელისუფლებამ დოკუმენტების საფუძველზე დაასკვნა, რომ კომპანია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ გერმანიის საავიაციო ხელისუფლება იტოვებს უფლებას, ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიაში დაადასტურეს. Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური ამბობს, რომ დღეისათვის ავიაკომპანიას ევროკავშირის ბაზარზე დაშვების უფლება არ ეძლევა, ეს იმ ფონზე როდესაც ავიაკომპანიას გასულ წელს იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ბაზრებზე დაშვების უფლება უკვე ჰქონდა.

რა პრეტენზიები გაუჩნდა ევროკომისიას Myway Airlines-ის მიმართ?

იგორ აფციაური ამბობს, რომ Myway Airlines-ი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს იმისათვის, რომ ევროკავშირის მიმართულებით განახორციელოს რეგულარული ავიარეისები.

„ყველანაირი პირობა გაქვს იმისათვის, რომ ფრენები განვახორციელოთ ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ რეისებს ვასრულებდით რომისა და ბუდაპეშტის მიმართულებით და დაანონსებული გვქონდა ათენიც, თუმცა სამწუხაროდ მერე აღარ გამოვიდა, მაგრამ თავის დროზე ფრენების განხორციელების ნებართვა იტალიისა და უნგრეთის მსგავსად საბერძნეთმაცმოგვცა. რაც ნიშნავდა იმას, რომ დოკუმენტაცია, რომელიც საკმაოდ დიდი ჩამონათვალია და 20 დოკუმენტამდეა, გადავაგზავნეთ და მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ. პარალელურად გათვლა გვქონდა მიუნხენისა და დუსელდორფის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე და ამიტომ შესაბამისი დოკუმენტაცია გავაგზავნეთ გერმანიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშიც.

სამწუხაროდ, გერმანია „გაჯიუტდა“ და მათ 7-8 თვის განმავლობაში ვაწვდიდით მოთხოვნილ დოკუმენტებს, რომელსაც ეტაპობრივად, დამატებითი დოკუმენტების სახით გვთხოვდნენ.

თუმცა ის დოკუმენტაციაზე, რომელიც ჩვენ გვთხოვდნენ თავისუფლად შეეძლოთ მიემართათ ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოსთვის (EASA) და მისგანაც მიიღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას, რადგანაც ჩვენ გაქვს TCO, რომლის საფუძველზეც უნგრეთმა, საბერძნეთმა და იტალიამ მოგვცეს ფრენების განხორციელების უფლება.

გერმანია როგორც ჩანს თავისსავე ორგანიზაციას, რომელიც კოლნშიადაფუძნებული არ ენდო, ჩაეძია ბოლომდე და ჩვენმა შემოწმებამ 8 თვე გასტანა.

მას შემდეგ რაც გერმანიის საავიაციო ხელისუფლება შემოწმებას მორჩა, ჩვენი ინფორმაციით, მათ თქვეს რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და ამიტომ Myway Airlines-ის ქეისი გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში გადაგზავნეს. ამის შემდეგ, სამინისტრო საკითხს 2-3 თვის განმავლობაში იხილავდა. ჩვენი ინფორმაციითვე გუნდი, რომელიც ჩვენს საქმეს სწავლობდა, რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა მათაც თავისი ვადები აქვთ და ივნისის ბოლოსათვის ჩვენთვის უნდა ეცნობებინათ პასუხი: კი ან არა“, აცხადებს Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური.

ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი არ მალავს, რომ ხანგრძლივი და დროში გაწელილი განხილვების შემდეგ გერმანიაში ფრენების დაშვებაზე უარს ელოდა.

„რეალურად ასეთი ხანგრძლივი პროცესის შემდეგ უფრო უარყოფით პასუხს ველოდებოდი. ბოლოს ისეთ დოკუმენტაციას გვთხოვდნენ რასაც სხვა შემთხვევაში არ ითხოვენ. იმდენად გვინდოდა ამ მიმართულებებზე ფრენების დაწყება და არც არაფერი დასამალი არ გვქონდა, რომ ბოლომდე მივყევით. ისეთი დოკუმენტებიც კი გადავუგზავნეთ, რომელის მიწოდებაზეც ვალდებულება არ გვქონდა. გერმანიის აეროპორტის გაერთიანებაც ძალიან ლობირებდა ამ საკითხს, თუმცა ამ გაჭიანურებული პროცესების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ნებართვას არ მოგვცემდნენ. მათ გარდა იმისა, რომ უარი გვითხრეს აიღეს ეს ჩვენი ქესი და მიაწოდეს ევროკომისიას.

უარის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ თითქოს ვარღვევთ რეგულაციას, რომელიც უკავშირდება ავიაკომპანიის წილობრივ მდგომარეობას, ვინ მართავს კომპანიას და ვინ უწევს მას ზედამხედველობას.

ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ავიაკომპანიის 51%-ი უნდა იყოს ევროკავშირის მოქალაქეზე გაფორმებული, ან ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიის საკუთრება. ასევე ხელმძღვანელი პირი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს კომპანიაში ისიც უნდა იყოს ევროკავშირის მოქალაქე, ჩვენს შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქე“, აცხადებს ავიაკომპანიის ერთ-ერთი პასუხისმგებელი ხელმძღვანელი.

Myway Airlines-მა, რომელიც ჩინური ინვესტიციებით დაფუძნებული, თუმც საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიაა, წილების გადათამაშება მოახდინა და დღეისათვის კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი იგორ აფციაურია, ხოლო 49%-ს Limited Liability Company Georgian Huashun International Industrial Investment Group Ltd-ი ფლობს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი კი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ჟენგლიანგია.

„წილების მხრივ მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და 51%-ი საქართველოს მოქალაქის საკუთრებაა. ალბათ მენეჯმენტის კუთხით აქვთ შენიშვნები, რადგანაც ისინი წერილში წერენ, რომ ანგარიშებისა და შესწავლებისსაფუძველზე გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მოთხოვნებს არღვევთო. ევროკომისიაც იწერება, რომ ჩვენ განვიხილეთ თქვენი საკითხი და ჩვენც ვეთანხმებით გერმანული მხარის დასკვნასო“, განმარტავს ავიაკომპანიის 51%-იანის წილის მფლობელი იგორ აფციაური.

მისი თქმით, ცუდია ის, რომ ევროკომისიას არ აქვს ავიაკომპანიასთანურთიერთობის ფორმატი.

„როგორც კი უარის შესახებ ინფორმაცია მივიღე, მაშინვე მოვინდომე ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა ისინი ჩვენს სიმართლეში დაგვერწმუნებინა. მინდოდა ჩავსულიყავი და გავცნობოდი რა დასკვნებისა და არგუმენტების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდანაც ავუხსნიდი ყველაფერს, მაგრამ მათ მსგავსი ფორმატი არ გააჩნიათ.

აქ კი უნდა დაგვეხმაროს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. როდესაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეგვატყობინა თუ რა პასუხი იყო ევროკომისიიდან უკვე ძალიან გვიან იყო და ვერც მოვასწარით რაიმე რეაგირების გაკეთება“, აცხადებს Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი.

თუმცა როგორც ავიაკომპანიაში მიიჩნევენ, მათ გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო ავიაციისგან გვიან ეცნობათ. იგორ აფციაურის თქმით, ევროკომისიის წერილი დათარიღებულია 19 ივნისით, ხოლო ის ავიაკომპანიას გადაეგზავნა 27 ივნისს.

„როდესაც გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და ის შემდეგი რეაგირებისთვის გადააგზავნა ევროკომისიაში. ამ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს და გარკვეული დრო სჭირდება. ამის შემდეგ შეიკრიბა ევროკომისია და მიიღო გადაწყვეტილება ამასაც გარკვეული დრო უნდა. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ პოსტ ფაქტუმ ჩაგვაყენეს საქმის კურსში.

შესაძლოა ეს ვიღაცის ინტერესი იყო, ან კონკურენტების ინტერესიც იყო. ვერავის ვერ დავადანაშაულებ, თუმცა ფაქტი სახეზეა“, აცხადებს Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი.

ავიაკომპანია, რომელმაც 2017 წელს დაფუძნდა და არსებობისთვის იბრძვის, ცხადია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს და სხვადასხვა მიმართულებით განახორციელოს ავიარეისები. ავიაკომპანია, რომელიც ამ დროისათვის ორი საჰაერო ხომალდის მფლობელია და მალე ავიაპარკისშევსებას მესამე ხომალდით ელოდება, დანებებას არ გეგმავს და წილებისა და შიდა მენეჯმენტის გადაადგილების ფონზე შეეცდება ყველა საინტერესო ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მის მიმართ პრეტენზიები აღარ იყოს.

მაშინ, როდესაც Myway Airlines-ისთვის ევროკავშირის ბაზარი ჩაკეტილია, მისთვის დახურულია ასევე რუსული ბაზარი, სადაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ახორციელებდა, Myway Airlines-თვის რჩება ერთადერთი რეგულარული მიმართულება – თელ ავივი. თუმცა ავიაკომპანიის მენეჯმენტი სამომავლოდ ამ მიმართულებაზე პრობლემებსაც არ გამორიცხავს.

„სიმართლე, რომ გითხრათ ყველაზე მეტად მაგის მეშინია. ევროკომისიამ ინფორმაცია გადაუგზავნა ევროკავშირის ქვეყნებს. ისრაელი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ის საქართველოს მსგავსად არის წევრი ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის. ისინიც ძალიან ბევრ ევრორეგულაციასნერგავენ ისევე როგორც ჩვენ“, აცხადებს Myway Airlines-ის ხელმძღვანელი.

წყარო: avianews.ge