აშშ-ის ხელისუფლება მომავალი კვირიდან თურქეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ამის მიზეზი თურქეთის მხრიდან რუსეთისგან სარაკეტო სისტემა С-400-ის შეძენაა, რომელსაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგებოდა.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მრჩევლებმა უკვე შეარჩიეს სანქციების პაკეტი, რომლებიც ამოქმედდება ანკარას წინააღდმეგ. სააგენტო დასძენს, რომ შემოთავაზებული სანქციების სამი ვარიანტიდან თეთრი სახლი ერთ-ერთს გამოიყენებს, თუმცა რამდენად მკაცრი იქნება ეს, ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, სანქციები ხვალ 15 ივლისს გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, 12 ივლისს ანკარამ მოსკოვისგან უკვე ოფიციალურად მიიღო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა С-400. ვაშინგტონი და ნატოს ხელმძღვანელობა კი აღნიშნულს ეწინააღმდეგება. კონტრაქტი ორ ქვეყანას შორის 2017 წელს გაფორმდა და მისმა ღირებულებამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.