მთაწმინდაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, GDG+ სასტუმროს მშენებლობას მოსახლეობის უკმაყოფილების გამო ისევ ვერ აგრძელებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ადგილობრივები ობიექტის სართულების რაოდენობის გამო ჩივიან. კერძოდ, სასტუმრო ორი - 7 და 5 სართულიანი ფლიგელებისგან შედგება, მოსახლეობა კი ორივე მათგანზე თითო სართულის „მოჭრას“ ითხოვს, რაც კომპანიის დამფუძნებლის თქმით, შეუძლებელია, რადგან ობიექტის 90%-ის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, დავა ამ დრომდე სასამართლოში გრძელდება, თუმცა კომპანია ძალისხმევას არ იშურებს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება შედგეს.
ცნობისთვის, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა 31 მაისს ჩამოიშალა. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს GDG+ ახორციელებს, იქ კომპანია 4-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. მომხდარის გამო, კლდის მასის ჩამოშლის ადგილზე, სასტუმროს ერთი ნაწილის მშენებელობა მერიამ შეაჩერა.
როგორც ბეჟან წაქაძე აცხადებს, ეს საკითხი ამჯერად მოგვარებულია, ჩამოშლილი კლდის მხარეც გამაგრებულია, თუმცა მერიამ ახლა უკვე სასტუმროს მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეაჩერა.
„ჯერ ისევ სასამართლო დავა მიმდინარეობს, ამიტომ მშენებლობას ვერ ვაგრძელებთ. სულ არის ორი ფლიგელი (7 სართულია ერთ ბლოკში და 5 - მეორეში), მოსახლეობა მოითხოვს, რომ ორივეზე თითო სართული მოიჭრას, რაც გამორიცხულია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს დამტკიცებული პროექტია, მე უკანონოდ არაფერს ვაშენებ და მეორეც, მშენებლობის 90% უკვე დასრულებულია, მათ შორის სართულებიც. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მოლაპარაკლებებს მოსახლეობასთან, შევთავზეთ რამდენიმე ვარიანტიც. შეიძლება ისე მოხდეს, რომ როგორღაც შევთანხმდეთ და სასმართლოს განაჩენი აღარ იყოს საჭირო. სხვა შემთხვევაში, დავის სამართლებრივ გადაწყვეტას დაველოდებით. თვითონ მერიაც დაინტერესებულია, რომ მშენებლობა დასრულდეს. ვნახოთ, რა იქნება“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.